ახალი ამბები

კვირიკაშვილმა იტალიაში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით რომს სტუმრობდა, სადაც ერთობლივ საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმში მიიღო მონაწილეობა და თავის იტალიელ კოლეგას პაოლო ჯენტილონის შეხვდა.

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი გახდება საფუძველი ახალი მნიშვნელოვანი ფაზის დაწყების. არა მხოლოდ იმედი გვაქვს, არამედ მივიღეთ ამაზე თანხმობა, რომ ჩვენი ურთიერთობა მიიღებს სტრატეგიული ურთიერთობის ხასიათს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა 8 მარტის ვიზიტის დასრულებისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა და მისმა იტალიელმა კოლეგამ, პაოლო ჯენტილონიმ ისაუბრეს „სავაჭრო-ეკონომიკურ და საინვესტიციო პოტენციალზე, საქართველოს უნიკალურ გეოსტრატეგიულ მდებარეობაზე, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივებზე“.

ამავე ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ „დინამიკურ თანამშრომლობას კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში“.

თავის იტალიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანჯელინო ალფანოსთან ერთად, საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. ფორუმს დაახლოებით 200 იტალიური და 60 ქართული კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავის გამოსვლაში გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი გადასახადების და მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობის წყალობით საქართველო იქცა „რეგიონალურ ლიდერად საინვესტიციო შესაძლებლობების კუთხით“ და „გასასვლელად ცენტრალური აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ეკონომიკური სივრცისკენ“.

„საქართველოში ინვესტირებას წინ არ უდგას იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული ბიუროკრატია და ის არც ნორმატიულ გარემოზე მორგებას ითხოვს. ევროკავშირთან 2014 წელს ხელმოწერილი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგანაც ის გულისხმობს ევროკავშირის შიდა ბაზარზე საქართველოს ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას“, – განაცხადა მან.

„ამ მხრივ, ჩვენ უზრუნველვყოფთ ფიზიკურ კავშირს თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და ნორმატიული ხელმისაწვდომობის გზით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ფარგლებში. კერძოდ, ჩვენ უკვე დავასრულეთ შესაბამისი მოლაპარაკებები და საქართველო მალე გახდება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხება ჩინეთთან. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ანალოგიური შეთანხმება დსთ-ის ქვეყნებსა და თურქეთთან, ასევე პრეფერენციათა განზოგადებული სისტემა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, კანადასა და იაპონიასთან. წელს ჩვენ ასევე ვგეგმავთ მოლაპარაკებების წამოწყებას ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა ანაკლიის პორტის პოტენციალზე, რომელიც, მისი თქმით, არის „ერთადერთი პორტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და უზრუნველყოფს მარშრუტს ჩინეთიდან ევროპისკენ“.

ფორუმზე გამოსვლისას ანჯელინო ალფანომ აღნიშნა, რომ ფორუმის მიზანია იტალიის ბიზნეს კომპანიებისთვის მრეწველობის, ინფრასტრუქტურის და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის და ინვესტირების შესაძლებლობების შეთავაზება, იტყობინება იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„საქართველო არის დემოკრატიული და დინამიკური ქვეყანა, რომელიც ძალიან ბევრ წარმატებულ რეფორმას ახორციელებს, რაზეც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობენ“, – განაცხადა ანჯელინო ალფანომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით.

რომში ვიზიტის ფარგლებში კვირიკაშვილი ასევე შეხვდა სენატის პრეზიდენტს, პიეტრო გრასოს, ეკონომიკური განვითარების მინისტრს, კარლო კალენდას და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პაოლო ალის.

 

 

მსგავსი/Related

Back to top button