ახალი ამბები

ეუთოს თავმჯდომარეობა აფხაზეთში გამშვები პუნქტების დახურვით შეშფოთებულია

ეუთოში ავსტრიის თავმჯდომარეობამ „შეშფოთება“  გამოთქვა საქართველოში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტის – ნაბაკევი–ხურჩისა და მეორე ოტობაია–ორსანტიას დახურვის გამო.   
 აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ნაბაკევი–ხურჩისა და მეორე ოტობაია–ორსანტიას გამშვები პუნქტები 5 მარტს დახურა. ეს გადაწყვეტილება სოხუმში 2016 წლის 28 დეკემბერს მიიღეს. 
გალის რაიონის ნაბაკევისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ზუგდიდის რაიონის ახლომდებარე სოფლებში მოსახვედრად სასწავლებლად, სამედიცინო მომსახურებისა და კომერციული საქმიანობისთვის ნაბაკევი–ხურჩას გამშვებ პუნქტს იყენებდა. 
ამავე პუნქტებით სარგებლობდნენ გალის რაიონში მცხოვრები სკოლის მოსწავლეებიც, რომლებიც განათლებას ზუგდიდის რაიონის სკოლებში იღებენ.
 „ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ადგილზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მიგვაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებას მთელი რიგი უარყოფითი შედეგები მოჰყვება, მათ შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების კუთხით“, – ნათქვამია ეუთოს თავმჯდომარეობის 7 მარტის განცხადებაში.
 „ამიტომ, მოვუწოდებთ  აზრიანი დიალოგისა და სწრაფი და პრაგმატული გადაწყვეტილებებისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრებისთვის შემდგომი უარყოფითი შედეგები“, – ნათქვამია განცხადებაში.  
 ეუთოს თავმჯდომარეობამ ასევე ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მნიშვნელობას, რომელიც მისი თქმით, წარმოადგენს „პლატფორმას კონსტრუქციული ჩართულობისთვის“.  

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ორი გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ 28 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე შეშფოთება მოჰყვა.

გალის რაიონის მაცხოვრებლებმა 25 იანვარს აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მდებარე ორი გამშვები პუნქტის დახურვის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.

რამდენიმე ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის გაერომევროკავშირმანატომამერიკის შეერთებულმა შტატებმაგაერთიანებულმა სამეფომლიტვამ და იაპონიამ, დაგმეს ორი გამშვები პუნქტის დაგეგმილი დახურვა.

 

მსგავსი/Related

Back to top button