Placeholder canvas
ახალი ამბები

უფლებადამცველი ორგანიზაციები: რუსთავი 2-ის საკუთრების დავა მედიის თავისუფლებას უქმნის საფრთხეს

უფლებადამცველი ორგანიზაციები Amnesty International და Human Rights Watch საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრების უფლება მის ყოფილ თანამფლობელს დაუბრუნდა.
 7 მარტს, Amnesty International-მა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“- ის საკუთრების დავა „გამოხატვის თავისუფლებასთან  დაკავშირებით წუხილებს აღძრავს“ და „შესაძლოა საფრთხე შეუქმნას“ მედიის თავისუფლებას საქართველოში.
 „რუსთავი 2 ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე პოპულარული არხია, რომელიც აქტიურად აკრიტიკებს ხელისუფლებას თავისი თანმიმდევრული პრო-ოპოზიციური სარედაქციო პოლიტიკით“, – ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში.
 უფლებადამცველმა ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ „სერიოზულია წუხილები სარჩელის პოლიტიკურად მოტივირებულ ხასიათთან დაკავშირებით, რომლის მიზანიც რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა“ და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას  „პატივი სცეს და უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლების უფლება და ასევე უზრუნველყოს სამართლებრივი დავის პოლიტიკური ან რაიმე გარე ზეწოლის გარეშე მოგვარება“.
 Amnesty International-მა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ „ეფექტურად უნდა გამოიძიოს “რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის წინააღმდეგ გაკეთებული მუქარებისა და „ტელეკომპანიის შენობაში სათვალთვალო აპარატურის აღმოჩენის“ ფაქტი.
 Human Rights Watch-მა განცხადება 6 მარტს გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტელეკომპანიის გარშემო არსებულმა საკუთრების დავამ „სერიოზული წუხილები წარმოშვა ხელისუფლების მიერ მედიასა და სასამართლო სისტემაში შესაძლო ჩარევაზე“.
 „რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა ხელისუფლების სასარგებლოდ სერიოზული დარტყმა იქნება საქართველოში მედია პლურალიზმზე და მნიშვნელოვნად შეზღუდავს საზოგადოების წვდომას ოპოზიციურ შეხედულებებზე“, – ნათქვამია განცხადებაში სამხრეთ კავკასიაში HRW-ის ხელმძღვანელის, გიორგი გოგიას სიტყვებზე დაყრდნობით.
 "რუსთავი 2-ის მფლობელობის დავასთან დაკავშირებული მთლიანი პროცესი საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, რაც შემდგომ შესწავლას საჭიროებს“, – განაცხადა მან.
 უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „წუხილები“ ხელისუფლების შესაძლო ჩარევის თაობაზე „კიდევ უფრო გაამწვავა“ საქართველოში, მედიაში  განვითარებულმა სხვა მოვლენებმა, რამაც „შეამცირა სივრცე კრიტიკული ოპოზიციური მედიისთვის“.
 ორგანიზაციამ ასევე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ „დათანხმდეს შეჩერების გადაწყვეტილების გაგრძელებაზე, სანამ ევროპის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს“.
 „დემოკრატიული საზოგადოებები დამოკიდებულია გარანტიებზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხოს ჩარევა ან დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში, ან პლურალისტური მედიის მოთხოვნაში,“ განაცხადა გიორგი გოგიამ, “საქართველოში ამგვარი არასათანადო ჩარევის თაობაზე არსებული წუხილების ფონზე, საჭიროა ზომების მიღება მათ მოსაგვარებლად, და იმ პროცესს, რომელიც ევროპულ სასამართლოში მიმდინარეობს, შეუძლია ამისთვის შესაბამისი სივრცე და შესაძლებლობა შექმნას“.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button