Placeholder canvas
ახალი ამბები

ევროპარლამენტარი: რუსთავი 2-ზე გადაწყვეტილებამ მედია პლურალიზმს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას

ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა 6 მარტს განაცხადა, რომ „ღრმადაა შეშფოთებული“ რუსთავი 2 -ის შესახებ უზენაესი სასამართლოს 2 მარტს გამოტანილი განაჩენის გამო, რამაც, მისი თქმით, „საქართველოში მედია პლურალიზმის მყიფე ბალანსს შესაძლოა საფრთხე შეუქმნას“.

რებეკა ჰარმსი, რომელიც EURONEST–ის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის 60-წევრიან დელეგაციას ხელმძღვანელობს, „მიესალმება“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მითითებას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებითი შეჩერების თაობაზე და „დადებითად აფასებს“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას პატივი სცეს ამ მითითებას.

„პლურალიზმი და პრესის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, საქართველოს დემოკრატიული რეფორმის პროცესისთვის და მისი პრო-ევროპული მისწრაფებისთვის“, – განაცხადა მან.

ჰარმსის თქმით, მედიის პლურალიზმის და მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით, „მედიის საკუთრების და დაფინანსების სრულ გამჭვირვალობის მიღწევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“.

„მედია და პრესა არ უნდა კონტროლდებოდეს ხელისუფლების ან მასთან დაახლოებული პირების მიერ.  ოპოზიციის ხმა კვლავაც უნდა ისმოდეს ქართულ სამაუწყებლო მედიაში“, – დასძინა მან.

EURONEST–ის საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პოლიტიკური ასოცირების და შემდგომი ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის საპარლამენტო ფორუმს წარმოადგენს, 110 დეპუტატს აერთიანებს ევროპარლამენტიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.

EURONEST–ის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის 60 წევრი და აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა) 10 წევრია გაერთიანებული

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button