ახალი ამბები

პრეზიდენტი უშიშროების სტრატეგიის განახლების ინიციატივით გამოდის

ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა განაცხადა 13 თებერვალს, რომ ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით ქვეყნის მასშტაბით განხილვებს იწყებს.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველად ამ საკითხზე 18 ნოემბერს მეცხრე მოწვევის ახალარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებაზე ისაუბრა.

„ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების პასუხად, მიმაჩნია, რომ უნდა განახლდეს ქვეყნის უშიშროების პოლიტიკის განმსაზღვრელი ეროვნული და უწყებრივი სტრატეგიული დოკუმენტები და მათზე დაყრდნობით, სამოქალაქო საზოგადოების, ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართულობით, შემუშავდეს ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგია“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა მაშინ.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა, რომელმაც ეს ინიციატივა „რუსთავი 2“-თან საუბარში 11 თებერვალს კიდევ ერთხელ გააჟღერა, განაცხადა, რომ უნდა შემუშავდეს „ახალი მიდგომები“ და ამის მოტივად ის დაასახელა, რომ „შეიცვალა არა მარტო გლობალური არქიტექტურა, არამედ საფრთხეების ხასიათი ძალიან მრავალფეროვანი გახდა“.

რაქვიაშვილის თქმით, საჭიროა, რომ პროცესი ფართო საზოგადოების მონაწილეობით განხორციელდეს. „ერთიანი ეროვნული დამოკიდებულების  გარეშე ძალიან რთულია ის სიმტკიცე მიიღო, რომელიც ამ ჰიბრიდულ გამოწვევებთან ერს სჭირდება“, დასძინა მან. 

მან იმედი გამოთქვა, რომ უსაფრთხოების სექტორის უწყებები მხარს დაუჭერენ და მონაწილეობას მიიღებენ პროცესში, რომელიც მისი თქმით, თებერვლის მეორე ნახევარში დაიწყება.

ეროვნული უშიშროების საბჭომ 13 თებერვალს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია იწყებენ „სტრატეგიული დისკუსიებისა და დიალოგის პროცესს, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეებთან კონსულტაციის შედეგად ჩამოყალიბდეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია“.

საბჭო კვლავ საუბრობს მსოფლიო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, საფრთხეების მრავალფეროვნებაზე და აცხადებს, რომ საჭიროა მიდგომების განახლება, რათა „ადექვატური პასუხები გავცეთ არსებულ გამოწვევებს“.

„სტრატეგიამ პასუხი უნდა გასცეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და განსაზღვროს საყოველთაოდ აღიარებული საერთო ეროვნული პრიორიტეტების – ეროვნული სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, თავისუფლება, სტაბილურობა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია – განხორციელების მექანიზმები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ეროვნული უშიშროების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ „საზოგადოების ჩართულობა და ინფორმირებულობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე აძლიერებს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემის ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს – ეროვნულ სიმტკიცეს და მედეგობას, რაც საკვანძო საშუალებაა თანამედროვე, პირდაპირ და ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირებაში“.

საბჭომ იმედი გამოთქვა, რომ „ღია, არაბიუროკრატიული პროცესი უსაფრთხოების სექტორის უწყებებთან, უსაფრთხოების თემთან, ეროვნულ და, განსაკუთრებით, რეგიონალური მედიასთან და სხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან აქტიური თანამშრომლობით წარიმართება“.

ეროვნული უშიშროების საბჭოს როლი, რომელსაც თავმჯდომარეობს პრეზიდენტი, რომლის უფლებამოსილებებიც მნიშვნელოვნად შეიზღუდა 2013 წლის ნოემბრიდან ამოქმედებული კონსტიტუციის შედეგად, გარკვეულწილად დაჩრდილა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭომ, რომელიც 2013 წლის ბოლოს პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით ჩამოყალიბდა.

მსგავსი/Related

Back to top button