skip to content
ახალი ამბები

საგარეო საქმეთა მინისტრმა საფრანგეთში ვიზიტი დაასრულა

საფრანგეთში 6-8 თებერვალს თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრები გამართა საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრთან, ჟან მარკ ეროსთან, ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან არლემ დეზირთან და ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ელისაბედ გიგუსთან.

ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან 6 თებერვალს გამართული შეხვედრის დროს, მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები, ასევე კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს, იტყობინება საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტრო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებს. „ფრანგულმა მხარემ საქართველოს მიულოცა უვიზო მიმოსვლის საკითხზე ევროპარლამენტის გადაწყვეტილება. თავის მხრივ მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა არლემ დეზირს ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჟან მარკ ეროსთან შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, კავკასიის რეგიონში არსებული ვითარება, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში ორი ქვეყნის თანამშრომლობა განიხილეს, იტყობინება საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტრო.

საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა 7 თებერვალს, რომ ჯანელიძემ თავის კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტების შესახებ ენერგეტიკის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ამ სფეროებში საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობების თაობაზე.

„აღინიშნა ფრანგული კომპანიების მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მნიშვნელობა და ის, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი მიმზიდველი ბიზნეს გარემოთი რეგიონალურ პლატფორმად იქცეს ევროპული და მათ შორის ფრანგული ბიზნესისთვის“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მან დაგმო სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ანექსიის ნებისმიერი მცდელობა და აღნიშნა, რომ საფრანგეთისთვის მიუღებელია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმებები“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ელისაბდ გიგუსთან შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებზე, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე და ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

8 თებერვალს საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ჯანელიძემ განაცხადა, რომ საქართველო „უსაფრთხოების სექტორში ევროკავშირის მნიშვნელოვანი მოკავშირეა“ და ხაზი გაუსვა, რომ „ევროპის ინტერესშია ყავდეს ისეთი დემოკრატიული და სტაბილური მოკავშირე, როგორც საქართველოა“. 

„ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო არასდროს გადაუხვევს მშვიდობიან გზას და არ დაკარგავს ევროპასთან დაახლოების შესაძლებლობას“, – მიმართა ჯანელიძემ დეპუტატებს.

„მხოლოდ დემოკრატულ და სტაბილურ საქართველოს შეუძლია გაერთიანდეს ევროპასთან და მშვიდობიანი გზით აიძულოს ოკუპანტი ქვეყანა დატოვოს მისი ტერიტორია. ამ პროცესში საქართველოს კრიტიკულად ესაჭიროება საფრანგეთის მხარდაჭერა, რომელიც აქვს და იმედოვნებს, რომ მომავალშიც ექნება“, – დასძინა მან.

საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესახებ ისაუბრა მიხეილ ჯანელიძემ Radio France Internationale (RFI)-თან ინტერვიუში.

„ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ნამდვილად ევროპული სახელმწიფოს შექმნაში… უვიზო მიმოსვლა ყველაფერ ამის [საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების] კარგი დაფასებაა“, – განაცხადა მან ინტერვიუში.

საქართველოს საბოლოო მიზანია „ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრობა“, განაცხადა ჯანელიძემ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო „ყველაფერს აკეთებს იმისთვის“, რომ მიჩნეულ იქნას ქვეყნად, რომელსაც „განვითარების, ინსტიტუციური განვითარების იგივე დონე აქვს“, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, „თუნდაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს სახელის გარეშე“.

ჯანელიძემ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანას მეტი მხარდაჭერა სჭირდება ევროკავშირისგან. „ჩვენ ვიღებთ მხარდაჭერას ტექნიკური დახმარების ფორმით, ფინანსური დახმარების ფორმით, მაგრამ ჩვენ საკუთარ რესურსებსაც ვხარჯავთ და ბევრად მეტს ვხარჯავთ, ვიდრე კანდიდატი ქვეყნები ხარჯავდნენ საკუთარი ინსტიტუტების რეფორმირებაზე“, – დასძინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი/Related

Back to top button