skip to content
ახალი ამბები

ქართული ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში მონაწილეობისთვის გაემგზავრა

ქართული ოცეული დაახლოებით 30 სამხედროს შემადგენლობით 31 იანვარს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას – EUTM RCA 6 თვის განმავლობაში შეასრულებს.

ქართული კონტინგენტი, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ განთავსდება.

ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების  უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იქნება, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, რომელმაც სამხედროებს გამგზავრებამდე სიტყვით მიმართა, განაცხადა, რომ საქართველო „სანდო პარტნიორია“, რადგანაც ქართველი სამხედროები პარტიორებთან ერთად მსოფლიოში უსაფრთხოების განმტკიცებას უწყობენ ხელს.

„ძალიან ვაფასებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ მსოფლიოს სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში შეტანილ წვლილს ფრანგ სამხედროებთან ერთად. ვფიქრობ, ასეთი სახის ოპერაციები ჩვენი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს კიდევ უფრო აახლოებს და მათ შორის მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში უწყობს ხელს“, –აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ. 

EUTM RCA მისია ევროკავშირის სამხედრო–მრჩეველთა მისიის (EUMAM RCA) გაგრძელებაა, სადაც  2015 წლის ოქტომბრიდან ხუთი ქართველი სამხედრო მსახურობდა.

მანამდე, საქართველო ევროკავშირის სამხედრო მისიაში (EUFOR RCA) მონაწილეობა, სადაც ქვეყანამ 2014 წლის ივნისში დაახლოებით 150 ჯარისკაცი გაგზავნა. 2014 წლის დეკემბერში მისიაში ქართველი სამხედროების რაოდენობა დაახლოებით 85 სამხედრომდე შემცირდა, რომლებიც იქ 2015 წლის მარტამდე მსახურობდნენ.   

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button