ახალი ამბები

აშშ გმობს რუსეთის მიერ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებას

აშშ–ის მისიამ ეუთოში დაგმო სეპარატისტულ აფხაზეთში, სოფელ წებელდას მახლობლად ისტორიული ძეგლების განადგურება.

„რუსული ძალების მიერ 3 იანვარს [ისტორიული ძეგლების] განადგურება სამხრეთის სამხედრო ოლქის მე–7 ბრიგადისთვის პოლიგონის მოწყობის მიზნით საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა. ამ ტერიტორიაზე განთავსებული იყო მერვე–მეცხრე საუკუნეების და გვიანი შუა საუკუნეების ნანგრევები, ასევე მეოცე საუკუნის სასაფლაო. საქართველოს და კავკასიის კულტურული მემკვიდრეობის ყველა ეს ელემენტი უკან დაუბრუნებლად დაიკარგა“, – განაცხადა მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ქეით ბირნსმა 19 იანვარს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე.    

მისი თქმით, აშშ მოელის, რომ შესაბამისი ადგილობრივი ხელისუფლება გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მეშვეობით დაუშვებს საერთაშორისო თანამეგობრობის შეუფერხებელ წვდომას ადგილზე.

თბილისმა მკაცრად დაგმო წებელდაში ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევა, როგორც „შეგნებულად განხორციელებული ვანდალიზმის აქტი“ და საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდა.

სეპარატისტული აფხაზეთის ოფიციალურმა პირებმა ამ განცხადებას 11 იანვარს უპასუხეს და თბილისი „ფაქტების პოლიტიზირებაში“ დაადანაშაულეს. მათი თქმით, სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არის „ხელი შეუწყოს კონტაქტების დამყარებას“ რეგიონის კულტურის სამინისტროსა და UNESCO–ს შორის აფხაზეთში ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის „ერთობლივი დაცვის მექანიზმის შემუშავების მიზნით“.

სეპარატისტული აფხაზეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ „ისტორიული ძეგლი“ პოლიგონის ტერიტორიის დასუფთავების დროს დაზიანდა, თუმცა მათ არ გაამხილეს დეტალები, თუ ვისი ბრძანებით მოხდა განადგურება.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ძალებმა, რომლებიც აფხაზეთში არიან განთავსებული, მათი ჩართულობის შესახებ ბრალდებებს მცდარი უწოდეს და უარყვეს, რომ შესაბამისი ტერიტორია მათ დაქვემდებარებაშია.

იმავდროულად, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე საუბრისას ამერიკელმა დიპლომატმა ასევე ისაუბრა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მდებარე ორი გამშვები პუნქტი – ნაბაკევი–ხურჩა და მეორე ოტობაია–ორსანტია იანვრის ბოლოს დაიხურება; მისი თქმით, ამან შესაძლოა „კიდევ უფრო შეზღუდოს გადაადგილების თავისუფლება, მათ შორის მოსწავლეების და იმ პაციენტების, რომელთაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ“.

„ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გაფართოებული „სასაზღვრო ზონის“ შექმნას გეგმავს აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ, სადაც სპეციალური ნებართვები იქნება დაწესებული, რაც კიდევ უფრო შეაფერხებს გადაადგილებას“, – დასძინა მან.

ამერიკელმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონების შემდგომი ოკუპაცია“ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის „მიუღებელია“.

„ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, რომ შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, მათ შორის დააბრუნოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი შესვლა და გააუქმოს საქართველოს ამ რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების ცალმხრივი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ბირნსმა. 

თავის განცხადებაში მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ კიდევ ერთხელ გაიმეორა მისი ქვეყნის „ცალსახა მხარდაჭერა“ საქართველოს „სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ასევე მისი ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მისწრაფებების მიმართ“.

მან ასევე მოუწოდა ავსტრიის თავმჯდომარეობას, რომ განაახლოს კონსულტაციები საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობის აღდგენის თაობაზე. ეუთოს მისია საქართველოში მას შემდეგ დაიხურა, რაც რუსეთმა მისიის მანდატის გაგრძელებას 2008 წლის დეკემბერში ვეტო დაადო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button