skip to content
ახალი ამბები

პოლიტიკური რეიტინგები NDI–ის დაკვეთილ კვლევაში

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან დაახლოებით ერთ თვეში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო ყველაზე ძლიერი საზოგადოებრივი მხარდაჭერით სარგებლობს და რესპონდენტების 40% აცხადებს, რომ ეს პარტია მათთან „ყველაზე ახლოს მდგომია“, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას ასეთად რესპონდენტების 10% ასახელებს.

გამოკითხვა, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა აწარმოა  4 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში და იმ ფართო კვლევის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3 141 რესპოდენტი გამოიკითხა და რომლის ცდომილების ზღვარიც +/-1.8%-ს შეადგენს.

კვლევის თანახმად, რესპონდენტების 14%–მა ან უარი თქვა პასუხზე ან განაცხადა, რომ არ იციან, რომელი პარტია დგას მათთან ახლოს. რესპონდენტების 22%–მა ამ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ „არც ერთი პარტია“ არ დგას მათთან ახლოს. პატრიოტთა ალიანსი და თავისუფალი დემოკრატები 3-3%-მა დაასახელეს, ხოლო რესპონდენტების 7%–მა სხვა პარტიებზე მიუთითა.

ივნისის ანალოგიურ კვლევაში, მმართველი პარტია, რომელმაც ოქტომბრის არჩევნებში ხმების 48.68% მიიღო, რესპონდენტების 19%–მა დაასახელა მათთან ახლოს მდგომ პარტიად; შემდეგ მოდიოდა ნაციონალური მოძრაობა – 15%-ით, რომლის საარჩევნო შედეგიც 27.11%-ს შეადგენს და რომელიც არჩევნებიდან ოთხი თვის თავზე გაიყო; პატრიოტთა ალიანსს კი 5% ჰქონდა და ასეთივე შედეგით შევიდა პარლამენტში.  ივნისში რესპონდენტების 10%–მა არ იცოდა, რომელი პარტია იყო მათთან ახლოს, ხოლო 27%–მა აღნიშნა, რომ არც ერთი.

ნოემბრის კვლევის თანახმად, 3 141 გამოკითხული რესპონდენტიდან 62%–მა განაცხადა, რომ მათ ჯერ კიდევ კამპანიის დაწყებამდე გადაწყვიტეს, რომელი პარტიისთვის უნდა მიეცათ ხმა; 27%–მა – საარჩევნო კამპანიის დროს, ხოლო 11%–მა – არჩევნების დღეს.        

კითხვაზე, თუ რომელი საკითხი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთებისას, რესპონდენტების 39%–მა პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა დაასახელა; შემდეგ მოდის პარტიის პოზიციები ჯანდაცვასთან  (16%); ეროვნულ უსაფრთხოებასთან (10%); საგარეო საკითხებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით – 9% და 8%, შესაბამისად.   

რესპოდენტთა 85%–მა განაცხადა, რომ პარტიებისა და კანდიდატების შესახებ საკმარისი ინფორმაცია ჰქონდათ, ხოლო 13%–მა საპირისპირო პასუხი გასცა. რესპონდენტების 73%–ისთვის ამ ინფორმაციის მთავარ წყაროდ კვლავ ტელევიზია დარჩა, რასაც მოყვება ინტერნეტი 6%-ით. 

კვლევის თანახმად, რესპონდენტების 74%–მა განაცხადა, რომ მათ მიიღეს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში  – 8 ოქტომბრის არჩევნებზე აქტივობამ ოფიციალურად 51.63% შეადგინა. რესპონდენტების 46%–მა განაცხადა, რომ მათ მიიღეს მონაწილეობა მეორე ტურებში. კითხვაზე თუ როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, 47%–მა აღნიშნა, რომ არჩევნები კარგად ჩატარდა; 36% ამბობს, რომ საშუალოდ და მხოლოდ 6%  აფასებს ცუდად. 

იმ რესპოდენტთა უმრავლესობამ (65%), ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, იცის თუ ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი, 8%-ს პასუხი ეშლება, ხოლო 25%-მა საერთოდ არ იცის. არჩევნებზე მისულთა უმრავლესობა (96%), ამასთანავე, აცხადებს, რომ თავისი არჩევანი ორივე ბიულეტენზე დააფიქსირა და ხმა მისცა როგორც კონკრეტულ პარტიას, ისე მაჟორიტარ კანდიდატს – 85% აცხადებს, რომ ორივე ბიულეტენზე ერთი და იგივე სარჩევნო სუბიექტი შემოხაზა, 12% კი ამბობს, რომ მისი მხარდაჭერილი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატისთვის  ხმა არ მიუცია.

კითხვაზე თუ რას მოელიან პარლამენტის წევრისგან, 65% პასუხობს, რომ დეპუტატი გააკეთებს იმას, რასაც პარტია ეტყვის, 56% მისი რჩეულისგან აქტიურობას ელის, 48% ფიქრობს, რომ ის მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს, ამდენივეს კი ჰგონია, რომ ის ამომრჩევლის ინტერესებსაც გაუწევს ლობირებას.

საერთო ჯამში,  რესპოდენტთა 42% ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი წინა მოწვევის საკანონმდებლო ორგანოსთან შედარებით უკეთესად იმუშავებს, 30%-ს ცვლილების იმედი არ აქვს, ხოლო 8% უარესის მოლოდინშია. ამ კითხვაზე 19%-ს პასუხი არ აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button