skip to content
ახალი ამბები

სახელმწიფო მინისტრი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე 17 იანვარს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა, რის შემდეგაც მათ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღეს მონაწილეობა.

„მადლიერი ვარ საქართველოს ევრო–ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ [თქვენი] მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – წერს ვიქტორ დოლიძე Twitter–ზე შეხვედრის შემდეგ, რომელშიც ასევე მონაწილეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა. 

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და ალიანსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმებთან ერთად, ნატოს გენერალურ მდივანთან საუბარი შეეხო "საქართველოს მონაწილეობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ალიანსთან მიმდინარე სტრატეგიულ დისკუსიაში და საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ნატო-ს ოპერაციებსა და მისიებში“.

შეხვედრის შემდეგ, ალიანსის პრესრელიზის თანახმად,  ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მოკავშირეები „მიესალმნენ საქართველოს პროგრესს ძირითადი რეფორმების განხორციელებაში“ და ასევე ქართული შეიარაღებული ძალების წვლილს ავღანეთში მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის ოპერაციაში. ამავე ცნობით, კომისიამ არსებითი პაკეტის განხორციელებაზეც იმსჯელა.

„რამდენიმე ელჩმა ხაზი გაუსვა ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან სამუშაოს, რომელმაც 2016 წლის ნოემბერში პირველად უმასპინძლა ნატო-საქართველოს წვრთნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნატოს ცნობით, კომისიის სხდომაზე საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ინფორმაცია მიაწოდეს მოკავშირეებს შავ ზღვაში და მის გარშემო უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. 

„გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი გამოწვევების საპასუხოდ, ნატო ზრდის თავის წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში, ხოლო მისი რამდენიმე მოკავშირე თავის ძალებით და შესაძლებლობებით წვლილს შეიტანს ამაში“, – ნათქვამია ნატოს პრესრელიზში. 

იმავდროულად, ნატოს სამხედრო კომიტეტი ორდღიან სხდომას მართავს ბრიუსელში, სადაც 18 იანვარს საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.

„საქართველოსთან დაკავშირებით საუბარი შეეხება თავდაცვის სფეროში რეფორმის შემდგომ განხორციელებას და მიღწევებს, ასევე ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების გზას“, – აცხადებს ნატოს პრესსამსახური.

სამხედრო კომიტეტი წელიწადში სამჯერ იკრიბება გენშტაბის უფროსების დონეზე. ის ნატოს ოპერაციებს და მისიებს განიხილავს და ჩრდილო–ატლანტიკურ საბჭოს კონსენსუსის გზით სამხედრო რჩევებს აძლევს, თუ რომელია უკეთესი გზა ალიანსისთვის უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

 

მსგავსი/Related

Back to top button