skip to content
ახალი ამბები

2016 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები

პარლამენტს მთავრობამ 2016 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი წარუდგინა, რომლის თანახმადაც, წლევანდელი ეკონომიკური ზრდის 3%-იანი პროგნოზი 2.7%-მდე არის შემცირებული.

2016 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, შემოსავლები 8.555 მლრდ ლარიდან 8.546 მლრდ ლარამდე მცირდება, ხოლო ხარჯები არსებული 8.543 მლრდ ლარიდან 8.671 მლრდ ლარამდე იზრდება.

მაშინ როცა საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი 7.98 მლრდ ლარის ნიშნულზე უცვლელი რჩება, პროექტის თანახმად, 8.2 მლნ ლარით მცირდება გრანტების სახით დაგეგმილი შემოსავლები 246.8 მლნ ლარამდე, მათ შორის იმის გამოც, რომ  საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მისაღები სახსრების ნაწილმა  2017 წლისათვის გადაინაცვლა.

ასევე, პროექტის თანახმად,  ცალკეულ უწყებებს უმცირდებათ დაფინანსება, რის ხარჯზეც მობილიზებული რესურსებით 40 მლნ ლარი  ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამის დაფინანსებას ემატება. შედეგად, ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება არსებული 3.162 მლრდ ლარიდან 3.202 მლრდ ლარამდე გაიზრდება 2016 წელს.

მთავრობის განმარტებითი ბარათის თანახმად,  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის წელს 570 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დამატებით 35 მლნ ლარის გამოყოფა გახდა საჭირო იმ მოცემულობაში, როცა ნოემბრის ჩათვლით ამ პროგრამის ფარგლებში უკვე 600 მლნ ლარია ათვისებული. საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად, სულ ამ პროგრამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 610 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული – 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად კი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის კიდევ უფრო მეტი, 660 მლნ ლარია გათვალისწინებული მაშინ, როცა მთავრობა აცხადებს, რომ მომავალი წლისთვის პროგრამის მოდიფიცირებას გეგმავს, მათ შორის კერძო დაზღვევის მქონე მოქალაქეებისთვის სახელმწიფო დაზღვევის შეზღუდვის გზით.

თავდაცვის სამინისტროს არსებული 670 მლნ ლარიდან დაფინანსება 750.4 მლნ ლარამდე ეზრდება, რაც ბიუჯეტის კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, „ძირითადად გამოწვეულია კრედიტების ნაწილში 82.4 მლნ ლარის (პირდაპირი ჩარიცხვები) ასახვით“.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსება 69.5 მლნ ლარით გაეზრდება 204.5 მლნ ლარამდე, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს 300 ათასი ლარი დაემატება და მისი დაფინანსება 2016 წელს 95.4 მლნ ლარი გახდება, პროექტის თანახმად.  

დაფინანსება შემდეგ სამინისტროებს შეუმცირდებათ:

  • განათლების და მეცნიერების სამინისტრო  – 952 მლნ ლარი (შემცირება 25.8 მლნ ლარით);
  • სოფლის მეურნეობის სამინიტრო – 311.1 მლნ ლარი (შემცირება 10.2 მლნ ლარით);
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო – 144.8 მლნ ლარი (შემცირება 9 მლნ ლარით);
  • ფინანსთა სამინისტრო – 86.5 მლნ ლარი (შემცირება 3.5 მლნ ლარით).

ასევე დაფინანსება 2-2 მლნ ლარით შეუმცირდება პარლამენტს და მთავრობის ადმინისტრაციას და შესაბამისად, 50 მლნ ლარი და 18 მლნ ლარი გახდება.

პარლამენტი 2016 წლის ბიუჯეტში ცვლილებების დამტკიცებას 23 დეკემბრამდე, რიგგარეშე სესიის ფორმატში მას შემდეგ გეგმავს, რაც მიმდინარე კვირას 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს მიიღებს.  

მსგავსი/Related

Back to top button