ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ორი წლით გახანგრძლივდა

ევროკავშირმა საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განთავსებული თავისი სადამკვირვებლო მისიის მანდატი ორშაბათს ორი წლით, 2018 წლის 14 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ბიუჯეტი 18 მილიონ ევროს შეადგენს მისი განახლებული მანდატის პირველ წელს.

მისიას, რომელსაც ამ დრომდე ლიტველი დიპლომატი კესტუტის იანკაუსკასი ხელმძღვანელობს, 200–ზე მეტი უიარაღო დამკვირვებელი ჰყავს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტას უწევენ მონიტორინგს, თუმცა სეპარატისტულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ.

„მართალია ქვეყანაში არსებული სიტუაცია შედარებით სტაბილურია, მაგრამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვლილი მნიშვნელოვანი რჩება“, – ნათქვამია ევროკავშირის მიერ 12 დეკემბერს გავრცელებულ პრესრელიზში, „სადამკვირვებლო მისიამ წარმატებით დაიწყო მთელი რიგი მცირე პროექტების განხორციელება ნდობის აღდგენის კუთხით და გაზრდის მათ რაოდენობას. მან ასევე მნიშვნელოვან დადებით შედეგს მიაღწია გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის თვალსაზრისით“.

„ევროკავშირი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას მისი საერთაშორისო აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – ნათქვამია პრესრელიზში, „ევროკავშირი აქტიურად უჭერს მხარს კონფლიქტების მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის, ასევე სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის  და მისი თანათავმჯდომარეობის მეშვეობით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, სადაც ასევე მონაწილეობს სადამკვირვებლო მისია“. 

 

 

მსგავსი/Related

Back to top button