ახალი ამბები

ეუთოში მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადება საქართველოში კონფლიქტებთან დაკავშირებით

ეუთოს 8-9 დეკემბრის მინისტერიალის ფარგლებში ორგანიზაციაში საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფმა საქართველოში კონფლიქტის შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღო, რომელშიც რუსეთს მოუწოდა „გააუქმოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება“ და „გაიყვანოს სამხედრო შენაერთები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან“.

განცხადებაში, რომლის ავტორებიც საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, არიან აშშ, კანადა, შვედეთი, რუმინეთი, ლიტვა და ლატვია, მეგობარი ქვეყნები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ხაზს უსვამენ „საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საჭიროებას“.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, როგორც მნიშვნელოვან ფორმატს, რომლის ფარგლებშიც ხდება 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების განხილვა. ხაზს ვუსვამთ დისკუსიების მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებას, მათ შორის, ძალის არგამოყენების, საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უსაფრთხოების იმ საერთაშორისო მექანიზმების შექმნის შესახებ, რომლებიც მიმართულია ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ხელშესაწყობად“, – ნათქვამია მეგობართა ჯგუფის განცხადებაში, რომელიც 9 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. 

მეგობარი ქვეყნები მიესალმებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ეფექტიან საქმიანობას“ და ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრებს გალსა და ერგნეთში, რაც „ხელს უწყობს ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირებას“.

„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს სადამკვირვებლო მისიის ხელმისაწვდომობა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
მეგობარი ქვეყნების განცხადებით, ისინი „შეშეფოთებულები“ არიან სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრები „ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციით“.

„ჩვენ ვგმობთ გადაადგილების თავისუფლების, საცხოვრებელი, საკუთრების, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების უხეშ დარღვევებს და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხელოვნური ბარიერების, მათ შორის, მავთულხლართების გავლება უფრო მეტად ამძიმებს ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ასევე მოუწოდებს რუსეთს „უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმების ხელმისაწვდომობა“.

მეგობარი ქვეყნების ჯგუფი ასევე მოუწოდებს ეუთოს, რომ „მეტად ჩაერთოს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში“.

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს, მიაღწიონ შეთანხმებას საქართველოში ეუთო-ს სრულფასოვანი მისიის აღსადგენად, განსაკუთრებით, მშვიდობიანი მოსახლეობის სასარგებლოდ. აღნიშნულ მისიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შეუფერხებლად განახორციელოს მონიტორინგი“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიესალმა მეგობარი ქვეყნების განცხადებას, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როცა ვერ ხდება ეუთოს საერთო დოკუმენტის მიღება რუსეთის წინააღმდეგობიდან გამომდინარე.

საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების საჭიროებასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება მიხეილ ჯანელიძემ 8 დეკემბერს, ჰამბურგში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს პლენარულ სხდომაზე თავის გამოსვლაში.

„რუსეთის უკანონო ქმედებები, შეიარაღებული ძალების ერთობლივი დაჯგუფებების შექმნა და ოკუპირებულ რეგიონებში უწყვეტად მიმდინარე მილიტარიზაციის პროცესი და სამხედრო წვრთნები კიდევ უფრო ამწვავებს არსებულ ისედაც მძიმე მდგომარეობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში“, – განაცხადა მან მინისტერიალზე.

მან ეუთოს „უფრო ფართო და გაძლიერებული“ ჩართულობისკენ მოუწოდა როგორც „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ისე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტის მთლიან პროცესში“ და საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის საჭიროებას გაუსვა ხაზი, რაც მისივე თქმით, „რუსეთის წინააღმდეგობის გამო შეუძლებელია“.

ეუთომ, რომელიც გადაწყვეტილებებს წევრებს შორის კონსენსუსის საფუძველზე იღებს, საქართველოში მისია 2009 წლის ივნისში დახურა მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მანდატის გაგრძელებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.

როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში 9 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კითხეს რატომ არ სურს რუსეთს საქართველოში ეუთოს მისიის არსებობა, მან უპასუხა: „თუ არსებობს საქართველოს თხოვნა სადამკვირვებლო მისიის განთავსებაზე, ჩვენ ამ თხოვნას ერთმნიშვნელოვნად მხარს დავუჭერთ, თუ საქმე ეხება საქართველოს. მაგრამ, რამდენადაც მესმის, თქვენი შეკითხვა ეხება საქართველოს სურვილს ეუთოს სადამკვირვებლო მისია ჰყავდეს არა საქართველოში, არამედ სამხრეთ ოსეთში. ასეთ შემთხვევაში მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან სამხრეთ ოსეთი არ არის ეუთოს წევრი“.

მსგავსი/Related

Back to top button