skip to content
ახალი ამბები

წინასწარი მონაცემებით, 2016 წლის პირველ ცხრა თვეში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.29 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

„საქსტატის“ მიერ 9 დეკემბერს გავრცელებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2016 წლის პირველ ცხრა თვეში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 5%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1.29 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა.

მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 463 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4%–ით ნაკლებია, ხოლო 2016 წლის წინა კვარტალთან შედარებით 3.8%–ით მეტია.

2016 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 33%–ით, 389 მილიონ აშშ დოლარამდე ზრდის შემდეგ, წინასწარი მონაცემებით, მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 446 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც 3.6%–იანი კლებაა წინა წლის შესაბამისი პერიოდთან შედარებით.

2016 წლის პირველი ორი კვარტლის მსგავსად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი 2016 წლის მესამე კვარტალშიც ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფერომ მიიღო – 140 მლნ აშშ დოლარი.

შემდეგ მოდის მშენებლობა – 69 მლნ აშშ დოლარით; დამამუშავებელი მრეწველობა – 62 მლნ აშშ დოლარით; საფინანსო სექტორი – 51 მლნ აშშ დოლარით; ენერგეტიკა – 46 მლნ აშშ დოლარით; სასტუმროები და რესტორნები – 23 მლნ აშშ დოლარით; უძრავი ქონება – 22 მლნ აშშ დოლარით; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 8  მლნ აშშ დოლარით; სოფლის მეურნეობა – 3 მლნ აშშ დოლარით. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმეტესობა 2016 წლის მესამე კვარტალში, წინა ექვსი თვის მსგავსად, კვლავაც აზერბაიჯანიდან შემოვიდა – 151 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის თურქეთი – 111 მლნ აშშ დოლარით; ლუქსემბურგი – 52 მლნ აშშ დოლარით; ჩეხეთი – 28 მლნ აშშ დოლარით; ჩინეთი – 26 მლნ აშშ დოლარით; ნიდერლანდებში დარეგისტრირებული  კომპანიები – 24 მლნ აშშ დოლარით; აშშ – 16 მლნ აშშ დოლარით; იაპონია – 10 მლნ აშშ დოლარით; პანამა – 9 მლნ აშშ დოლარით; კვიპროსი – 8   მლნ აშშ დოლარით. 

2015 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.56 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11%–იანი კლება იყო წინა წელთან შედარებით. 2016 წლის დაზუსტებული მონაცემები მომავალი წლის აგვისტოში გამოქვეყნდება.

მსგავსი/Related

Back to top button