skip to content
ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა ახალი თავმჯდომარის არჩევაზე შეუთანხმებლობის ფონზე ფართომასშტაბიან ყრილობას იანვარში გეგმავს

ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭომ ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად გადაწყვეტილება ფართომასშტაბიანი ყრილობის სასარგებლოდ მიიღო, რომელიც, სავარაუდოდ, 20 იანვარს გაიმართება იმ ფორმატით, როგორც ეს პარტიის დამფუძნებელს მიხეილ სააკაშვილს სურდა, თუმცა საკითხი ახალი თავმჯდომარის არჩევის თაობაზე კვლავ დაპირისპირების საგნად რჩება.

30 ნოემბერს პოლიტსაბჭოს 25-მა წევრმა 24-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომ ყრილობა 7 ათასი დელეგატის მონაწილეობით გაიმართოს, თუმცა კონკრეტულად როგორი დღის წესრიგით, ეს, როგორც პარტიაში აცხადებენ, შემდგომი მსჯელობის საგანია. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, პოლიტსაბჭოს ორმა წევრმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან.

„დღეს ჩემი პოზიციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მაგრამ ეს არის დემოკრატიული პროცესის ნაწილი“, – განუცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიგა ბოკერიამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ის მხარს უჭერდა ყრილობის უფრო შემჭიდროვებულ ვადებში და 2 ათასი დელეგატის მონაწილეობით ჩატარებას, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარე უნდა აერჩიათ.

თავმჯდომარის არჩევა უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა პარტიაში მას შემდეგ, რაც არჩევნების შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ უარყო სააკაშვილის მოწოდება საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირების თაობაზე. პარტიის წევრთა ნაწილი ახალი თავმჯდომარის არჩევას უჭერს მხარს, როცა მათი ოპონენტები ამ პოსტის ვაკანტურად დატოვებას ითხოვენ – მას შემდეგ, რაც 2015 წლის დეკემბრიდან მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გამო დაკარგა პარტიის თავმჯდომარეობის უფლება, ამ თანამდებობაზე პარტიას შემცვლელი არ აურჩევია.

„მიხეილ სააკაშვილის როლი ამ პარტიის ცხოვრებაში არის უზარმაზარი, უბრალოდ პარტია აგრძელებს ცხოვრებას და იმ ვითარებაში, როცა ის უკრაინაშია ჩართული თავის ბრძოლაში, ამ პარტიას სჭირდება თავმჯდომარე და [საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე] დავით ბაქრაძე არის საუკეთესო კანდიდატურა ამისთვის“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი ყრილობაზე ალტერნატივის სახით მაინც დადგება.

თუმცა ოპონენტების მტკიცებით, ამ საკითხის ყრილობაზე წამოწევას პოლიტსაბჭომ მხარი არ დაუჭირა.

„გაიმარჯვა მიშას გუნდმა“, დაწერა თავის facebook-ის გვერდზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, რომელიც პოლიტსაბჭოს სხვა არადეპუტატ 21 წევრთან ერთად 29 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ახალი თავმჯდომარის არჩევის წინააღმდეგ მოუწოდებდა, რადგან ეს იმის დეკლარაცია იქნებოდა, რომ პარტია „ემიჯნება მიხეილ სააკაშვილს“, რაც „პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი“ იქნებოდა და „აუნაზღაურებელ ელექტორალურ ზიანს“ მიაყენებდა პარტიას. 

„არ მოხდება ახალი არჩევნები პარტიის თავმჯდომარის პოსტზე და ეს არის მკაფიო ნიშანი ბიძინა ივანიშვილისათვის, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის მიხეილ სააკაშვილი არის უპირობო ლიდერი“, –  განუცხადა ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებს პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების კომენტირებისას.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომის შემდეგ უკრაინაში ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი გახდა, მიესალმა მრავალათასიანი ყრილობის სასარგებლოდ „ერთადერთ სწორ არჩევანს“  .

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მაღალი ნდობა გამომიცხადა და არ დაუშვა ჩემი პარტიიდან დისტანცირების გეგმის განხორციელება“, – დაწერა ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის facebook-ის გვერდზე.

მსგავსი/Related

Back to top button