skip to content
ახალი ამბები

კვირიკაშვილის თქმით, იანვრიდან თამბაქოზე, ავტომობილების იმპორტსა და ნავთობპროდუქტებზე აქციზი გაიზრდება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 29 ნოემბერს განაცხადა, რომ მთავრობა დამატებითი საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზების მიზნით 2017 წლის იანვრიდან აქციზის გადასახადის გაზრდას გეგმავს თამბაქოს ნაწარმზე, იმპორტირებულ ავტომობილებსა და ნავთობპროდუქტებზე, ასევე აპირებს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გაზრდასაც.

მართალია გადასახადების ზრდის კონკრეტული განაკვეთები არ დაუსახელებია, თუმცა დამტკიცების შემდეგ მისი მთავრობის პირველ სხდომაზე საუბრისას, პრემიერმა აღნიშნა, რომ დაგეგმილი ცვლილებები „სრულად გაზიარებულია“ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ და „მათი განხორციელების შემდეგ ჩვენ საერთაშორისო ფონდებიდან ქვეყანაში დამატებით რამდენიმე მილიარდი დოლარის მოზიდვის შესაძლებლობა გვიჩნდება“.

გადასახადების დაგეგმილ გაზრდას საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება დასჭირდება და შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს სავარაუდოდ 2017 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტთან ერთად წარედგინება. მთავრობას საბიუჯეტო პროექტი მეორედ 5 ნოემბრისთვის უნდა წარედგინა, თუმცა ეს ვადა დაირღვა და კანონპროექტი ამ დრომდე არ არის პარლამენტში განსახილველად შესული.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტში, რომელიც ამ ეტაპზე არ არის ხელმისაწვდომი, დამატებითი შემოსავლების მობილიზების მიზნით ასევე დაგეგმილია საბიუჯეტო ხარჯების შემცირება  – კერძოდ, საბიუჯეტო ორგანიზაციების უმრავლესობაში, მისი თქმით, 10%-ით შემცირდება შრომის ანაზღაურების ფონდი და ასევე, 10%-ით დაიკლებს ადმინისტრაციული ხარჯები.

კვირიკაშვილის თქმით, მართალია აქციზის გადასახადების ზრდა „შესაძლოა საზოგადოების გარკვეული სეგმენტისთვის იყოს მტკივნეული“, თუმცა „უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა ცვლილება, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ ერთ საერთო მიზანს ემსახურება – ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც პირდაპირ აისახება ადამიანების დასაქმებაზე და ოჯახების კეთილდღეობაზე“.

აქციზის გადასახადის ზრდასთან ერთად, რასაც ასევე ჰქონდა ადგილი 2015 და 2016 წლებში, კვირიკაშვილის თქმით, თამბაქოს პროდუქციისადმი სახელმწიფო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს, მათ შორის „საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების კონტროლის გააქტიურების“ მიმართულებითაც.

მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა მიღებულია გადაწყვეტილება ჰიბრიდული ავტომობილების იმპორტზე აქციზის 60%-ით შემცირების თაობაზე, ხოლო ელექტრომანქანების იმპორტი საერთოდ არ იბეგრება, იმპორტირებულ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზრდება, თუმცა „ის რეგიონის ქვეყნებში არსებულ განაკვეთებზე რამდენჯერმე დაბალი იქნება“ და ასევე, აქციზის გადასახადის მატება შეეხება ნავთობპროდუქტებსაც.

„დაგეგმილი ცვლილებები აუცილებლად აისახება იმპორტის მოცულობაზე, რამაც საბოლოოდ გავლენა უნდა იქონიოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზე, რაც ასევე ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი გახლავთ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button