ახალი ამბები

„რუსთავი 2“-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს წევრებზე ზეწოლის ბრალდებებს ხელისუფლება უარყოფს

„აბსოლუტური სიცრუე“ და "პოლიტიკური სპეკულაცია" უწოდა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების ბრალდებებს, თითქოს ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები ზეწოლას ახორციელებენ უზენაეს სასამართლოზე „რუსთავი 2“-ის საკუთრების დავასთან დაკავშირებულ საქმეზე.

მიმდინარე კვირის დასაწყისში „რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ საქმე, რომლითაც ტელეკომპანიის საკუთრების შესახებ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ყოფილი მესაკუთრის ხიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებები საჩივრდება, უზენაეს სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა განსახილველად. სექტემბერში, როცა უზენაესმა სასამართლომ სარჩელი დასაშვებად ცნო,  მისი განხილვა კოლეგიას დაავალა. თუმცა სამი მოსამართლისაგან  – ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე და ბესარიონ ალავიძე – შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად, საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცა. ამ გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღოდა გამაფრთხილებელი აქცია უზენაეს სასამართლოსთან, რომელშიც 21 ნოემბერს "რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებთან და მხარდამჭერებთან ერთად ასევე მიიღეს მონაწილეობა დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან.

დიდი პალატა განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით, რომელშიც ასევე შედიან ამ საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლეები. დიდ პალატაში საქმის განხილვას თავმჯდომარეობს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე.

უზენაესი სასამართლოს პრესცენტრმა civil.ge-ს 26 ნოემბერს დაუდასტურა რა საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის ფაქტი, ასევე განუცხადა, რომ ჯერ-ჯერობით უცნობია რა შემადგენლობით ან როდის განიხილავს ის ამ საქმეს.

იმავდროულად, 26 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა უზენაესი სასამართლოს წევრებზე ზეწოლის თაობაზე სპეციალური განცხადება გააკეთა და ოთხი პიროვნება დაასახელა, ვინც მისი თქმით, ამ საქმით არის დაკავებული. კერძოდ, მან ბრალი დასდო იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, მთავრობის საპარლამენტო მდივანს შალვა თადუმაძეს, თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს და ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს.

„ჩვენი ინფორმაციით, სხდომის ჩანიშვნა იგეგმება სწორედ 30 ნოემბერს“, – განაცხადა დეპუტატმა ნადირაშვილმა.

ეს საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის დამტკიცების პროცესი მიმდინარეობს, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ წამოწია.

„მიმდინარეობს ძალიან ძლიერი ზეწოლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე, რომ კონკრეტულად 30 ნოემბერს იქნეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოტანილი თქვენს სასარგებლოდ“, – მიმართა მან სადეპუტატო შეკითხვის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილს, „ბატონო პრემიერ–მინისტრო, მე მაინტერესებს, თქვენ თუ აცნობიერებთ რა პროცესების ამოფრქვევას უწყობთ ხელს?… აცნობიერებთ იმ პასუხიმგებლობას რაც შეიძლება ქვეყანაში მოხდეს მაშინ, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ მომდევნო დღეებში სისრულეში მოიყვანთ თქვენს განზრახვას?“

კვირიკაშვილმა უარყო ოპონენტების ბრალდებები, როგორც „აბსოლუტური სიცრუე“ და „პოლიტიკური სპეკულაცია“.

„არავითარი ზეწოლა არ ხორციელდება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა, „თუ რამე ასეთს აქვს ადგილი, მე მოვუწოდებ ყველას, რომ განაცხადოს, რაიმე ამის მსგავსი თუ ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის წევრების სისუფთავეში ამ მიმართულებით“.

„ალბათ, ამის მაგალითები წარსულში არაერთი გვქონია სპეცდანიშნულების რაზმებისთვის დავალებების მიცემა, მოსამართლეებთან დარეკვა, როგორ მართავდა იუსტიციის მინისტრი მთლიანად სასამართლო პროცესებს და ასე შემდეგ – თქვენ თუ ამის მოთხოვნა გაქვთ დღეს, მინდა გაგაწბილოთ, რომ ეს საქართველოში აღარასოდეს აღარ იქნება და ამას ვერავინ ვერ ნახავს… მადლობა ღმერთს, რომ ასეთი პრაქტიკა აღარ არის საქართველოში“, – უპასუხა მან.

მსგავსი/Related

Back to top button