skip to content
ახალი ამბები

აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ქართული ოცნება დავით გაბაიძეს წარადგენს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ახალარჩეული უმაღლესის საბჭოს პირველი შეკრების დღედ 28 ნოემბერი განსაზღვრა, განაცხადა სამშაბათს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.

პირველივე შეკრებაზე უმაღლესი საბჭო თავმჯდომარეს აირჩევს  – ამ თანამდებობაზე ქართული ოცნება, როგორც civil.ge-ს მმართველ პარტიაში განუცხადეს, საარჩევნო სიის მეორე ნომერს დავით გაბაიძეს წარადგენს.

უმაღლესი საბჭოს წევრობამდე, გაბაიძე აჭარის მთავრობის აპარატში იურიდიულ და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს 2014 წლიდან ხელმძღვანელობდა.

აჭარის რეგიონმა ოთხპარტიული უმაღლესი საბჭო ოქტომბრის არჩევნების პირველი და მეორე ტურების შედეგად აირჩია.

21-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნება 14 დეპუტატის უმრავლესობით არის წარმოდგენილი, ნაციონალურ მოძრაობას 5 დეპუტატი, ხოლო პატრიოტთა ალიანსსა და ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობას“ თითო-თითო ადგილი აქვთ.

ახალი საკანონმდებლო ორგანოს არჩევა ასევე იწვევს აჭარაში ახალი მთავრობის ფორმირებას. ამ ეტაპზე უცნობია შეეხება თუ არა ცვლილება ზურაბ პატარაძეს, რომელიც რეგიონის მთავრობას ივლისიდან ხელმძღვანელობს.

პირველი შეკრებიდან 10 დღის ვადაში პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოში არჩეულ სუბიექტებთან კონსულტაციების შედეგად და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა უნდა წარუდგინოს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს დასამტკიცებლად.

მსგავსი/Related

Back to top button