skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა გენშტაბის ახალი უფროსი დანიშნა

ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილეობიდან გენშტაბის უფროსად დაწინაურდა, შეცვალა რა ამ პოსტზე გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც გენშტაბს 2013 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა.

კაპანაძეს სამწლიანი უფლებამოსილების ვადა 22 ნოემბერს ამოეწურა და სწორედ ამ დღეს გამოსცა პრეზიდენტმა განკარგულება მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და შემცვლელის დანიშვნის თაობაზე.

გაერთიანებული შტაბის ახალი უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, რომლის აღმავალი სამხედრო კარიერაც 1989 წელს რიგითობიდან დაიწყო, უკვე მეორედ დაინიშნა ამ თანამდებობაზე – ის გენშტაბს პირველად 2008 წლის ნოემბრიდან ჩაუდგა სათავეში, თუმცა თანამდებობა დანიშვნიდან ოთხი თვის თავზე დატოვა და 2009 წლის აგვისტომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ იმსახურა. აშშ-ში საქართველოს საელჩოში მრჩევლად შემდგომი ორწლიანი მუშაობის შემდეგ, ჩაჩიბაია 2012 წელს კვლავ გენერალურ შტაბს დაუბრუნდა მოადგილის რანგში.     

ვახტანგ კაპანაძემ, რომლის მიმართაც  თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამწლიანი ვადის კიდევ ერთი წლით გაგრძელების მოთხოვნის უფლება აღარ გამოიყენა, განაცხადა, რომ მან ნატოში საქართველოს მთავარ სამხედრო წარმომადგენლად მუშაობის შემოთავაზება მიიღო.
 
„იქ, დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად ბევრ კარგ სასიკეთო საქმეს გავაკეთებ“, – განუცხადა გენერალ-მაიორმა კაპანაძემ ჟურნალისტებს ორშაბათს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ.

საბჭო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განახლებული შემადგენლობით პირველად შეიკრიბა და გენშტაბის ხელმძღვანელობის ცვლილებასთან ერთად, ასევე განიხილა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართული ქვედანაყოფების მონაწილეობის საკითხი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი და ასევე თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის აღდგენა.

თავდაცვის სამინისტროში გაწვევა ივნისში, მაშინდელი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებით გაუქმდა, რასაც ამჟამინდელმა მინისტრმა ლევან იზორიამ „ნაჩქარევი“ და "პოპულისტური" ნაბიჯი უწოდა და განაცხადა, რომ გაწვევა გაზაფხულისთვის გარკვეული სახეცვლილებით აღდგება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საგაზაფხულო გაწვევას“,- განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ და ხაზი გაუსვა, რომ გაწვევის საკითხებზე „გლობალური ხედვა“ დეკემბრის შუა რიცხვებში იქნება წარმოდგენილი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად დაესწრნენ პარლამენტის ახალი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი დავით რაქვიაშვილი და ვახტანგ კაპანაძე,  გენშტაბის უფროსის რანგში ბოლოჯერ.

მსგავსი/Related

Back to top button