skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტმა პარლამენტს „კონსტრუქციული თანამშრომლობა” შესთავაზა

  • პრეზიდენტმა ახალ პარლამენტს კონსტრუქციული თანამშრომლობა და წინასწარი კონსულტაციების პრაქტიკა შესთავაზა;
  • ‘ვერ შევეგუები, სახელმწიფო ინსტიტუტების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების უფლებების შელახვას’;
  • კონსტიტუცია „ხარვეზიანია“, თუმცა ის არ უნდა მოერგოს ერთ პოლიტიკურ ჯგუფს;
  • სასამართლო სისტემის გაჯანსაღება ქვეყნის ერთერთი უმთავრესი გამოწვევაა;
  • მან ევროკავშირის მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის სპეციალური მისიის მოწვევისკენ მოუწოდა;
  • ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად "თამამი და არაორდინალური" ნაბიჯები უნდა გადაიდგას;
  • მან პარლამენტს აქტიურობა ურჩია საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებაში;
  • უშიშროების პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრატეგიული დოკუმენტების განახლებისკენ მოუწოდა.

მეცხრე მოწვევის ახალარჩეული პარლამენტის პირველ შეკრებას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 18 ნოემბერს გახსნითი სიტყვით მიმართა და არჩეულ დეპუტატებს „თანამშრომლობისა და კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი“ შესთავაზა.  

მან კიდევ ერთხელ გამოთქვა სინანული იმის გამო, რომ ოქტომბრის არჩევნების შედეგად, რომელიც „მეტნაკლები დარღვევებით, მაგრამ თავისუფალ გარემოში“ ჩატარა, ქვეყანამ ვერ მიიღო მრავალპარტიული პარლამენტი და დადგა რეალობა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ხმათა კონსტიტუციური უმრავლესობა ეკუთვნის ერთ პარტიას – ქართულ ოცნებას, რომელიც 115 დეპუტატით არის წარმოდგენილი ნაციონალური მოძრაობის 27 დეპუტატთან და პარლამენტში მოხვედრილ მესამე პარტიის, პატრიოტთა ალიანსის 6 დეპუტატთან ერთად.

იმ ვითარებაში, როცა მმართველი პარტია „სრულიად ლეგიტიმურად დაამტკიცებს მომავალ მთავრობას“, ასევე მის მიერ ექვსი წლის ვადით არის დანიშნული მთავარი პროკურორი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და „იუსტიციის საბჭოს ფორმირების პროცესში სერიოზული გავლენა ისევ „ქართული ოცნების“ ხელშია“, მარგველაშვილმა გააფრთხილა, რომ „ხელისუფლების ჭარბი კონცენტრაცია, საშიშია ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშეც კი“. 

„ვერ შევეგუები, სახელმწიფო ინსტიტუტების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების შელახვის ჩანაფიქრსაც კი; მეორეს მხრივ კი, მოგახსენებთ რომ გამოვთქვამ მზადყოფნას, აქტიური თანამშრომლობისთვის", – აღნიშნა პრეზიდენტმა ქუთაისის პარლამენტში გამოსვლისას.

მან ასევე სინანულით შეახსენა, რომ მისი საპრეზიდენტო ვადის პირველი სამი წელი ინსტიტუტების და მათ შორის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დაცვას მოახმარა, რაც „არ იყო ჩემი არჩევანი, სამწუხაროდ, ეს იყო ის აუცილებლობა, რომელიც ჩემი გუნდისა და ჩემს წინაშე დადგა“. მას მხედველობაში ჰქონდა უთანხმოების მთელი რიგი შემთხვევები ქართულ ოცნებასთან, რაც მას შემდეგ დაიწყო, როცა არჩევიდან ცოტა ხანში პრეზიდენტი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის სამიზნე გახდა.  

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პარლამენტს პრობლემურ საკითხებზე „წინასწარი კონსულტაციების პრაქტიკის“ შემოღება შესთავაზა და რამდენიმე ახალი ინიციატივითაც მიმართა. 

პირველ რიგში, მან მმართველ პარტიას ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად თამამი მოქმედებისაკენ მოუწოდა, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები არ შეუთავაზებია.  

„დღეს აქტიური მოქმედებების დროა, დროა თამამი და არაორდინალური ნაბიჯების, რომელიც ქვეყნის უკეთეს ეკონომიკურ მომავალს უზრუნველყოფს, მოიზიდავს ინვესტიციებს, დაასტაბილურებს ლარის კურსს.  მე კი, ყოველთვის ვიქნები მხარდამჭერი ყველა იმ რეფორმის, რომელიც  მოქალაქეთა მეტ კეთილდღეობას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა მან.

კონსტიტუციის გადახედვის კუთხით გიორგი მარგველაშვილმა საერთო თანხმობის მიღწევის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და გაიხსენა ის მხარდაჭერა, რომელიც მან პრემიერ-მინისტრის ინიციატივას გამოუცხადა და პრეზიდენტთან ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შექმნა შესთავაზა, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის თანათავმჯდომარეობით. ამ შეთავაზებას ქართული ოცნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა უპასუხა, რომ უმჯობესი იქნება, თუ ჯგუფი ფართო ჩართულობით პარლამენტის მიერ შეიქმნება.

პრეზიდენტმა მართალია აღიარა, რომ კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია „ხარვეზიანია“ და მას ცვლილებები ესაჭიროება, თუმცა იქვე გააფრთხილა, რომ „უკვე სამწუხარო ტრადიციად ქცეული ხარვეზი, რომელიც ამ დოკუმენტის დახვეწისას შეიძლება გაჩნდეს, თამაშის წესების რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე მორგება იქნება“.

„მთავარი, რაც დღეს ჩვენს სახელმწიფოს ესაჭიროება, სწორედ ბალანსისა და გაწონასწორების  მექანიზმების გამყარებაა, და არა ყველა შტოსა და ინსტიტუციის ერთ ხელში თავმოყრა“, – განაცხადა პრეზიდენტმა, მიანიშნა რა ქართული ოცნების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შესაძლო გაუქმების თაობაზე. 

პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ასევე განაცხადა, რომ სასამართლო სისტემის გაჯანსაღება ქვეყნის "ერთერთი უმთავრესი გამოწვევაა".

მან პარლამენტს მართლმსაჯულების სისტემის განვითარების სტრატეგიის შემუშავების წინადადებით მიმართა და ამ მიზნით საქართველოში ევროკავშირის სპეციალური დროებითი მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის მისიის მოწვევისკენ მოუწოდა.

„ბალანსისა და გაწონასწორების სისტემაზე საუბარი აზრს მოკლებულია, თუ სასამართლო არ იქნება პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი“, – აღნიშნა მან.  

პრეზიდენტმა მეცხრე მოწვევის პარლამენტს მედიის დაცვის უფრო მყარი გარანტიების შექმნისკენაც მოუწოდა, რათა არავის გაუჩნდეს კითხვები მასმედიის თავისუფლების ხარისხთან დაკავშირებით და ამ სფეროში „არ არსებობდეს პოლიტიკური ზეგავლენის ეჭვებიც კი“.

„ყოველთვის მხარს ვუჭერდი და მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ მედიის დაცვასა და  მხარდაჭერას, რადგან მიმაჩნია, რომ მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება, უნდა იყოს აქტიური და თავისუფალი. რაც დღეს, ამ პოლიტიკურ რეალობასა და ვითარებაში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია“,-  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საგარეო პრიორიტეტების კუთხით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პარლამენტს, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელ უმაღლეს ორგანოს, „მკვეთრი პოზიციის“ დაკავებისკენ მოუწოდა იმ პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას, დეოკუპაციას, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაღრმავებასა და ამ საკითხების გლობალური პოლიტიკის კონტექსტში წარმოჩენას მოიცავს.

„მოგიწოდებთ ამ მიმართულებით აქტიურობისკენ და მზად ვარ აქტიურად ჩავერთო ამ დისკუსიებში“, – აღნიშნა მან საგარეო გამოწვევებზე საუბრისას.

მან ამ გამოწვევების გათვალისწინებითა და „შავი ზღვის რეგიონში შეცვლილი უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე“ ასევე მოუწოდა ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობით ეროვნული უშიშროების ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისკენ და უშიშროების პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრატეგიული დოკუმენტების განახლებისკენ – ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ბოლოს პარლამენტმა 2011 წლის დეკემბერში განაახლა.

პრეზიდენტმა თავის გამოვლაში ასევე ყურადღება გაამახვილა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით ძირითად პრინციპებზე შეთანხმების მნიშვნელობაზე და საერთო ხედვის ჩამოსაყალიბებლად პოლიტიკურ პარტიებს ფართომასშტაბიანი დიალოგი შესთავაზა.

თავისი 16-წუთიანი გამოსვლის მიწურულს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა განათლების პრიორიტეტულობის მნიშვნელობას და მომავალი 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა.

„ჩვენ დღესვე უნდა დავიწყოთ ცვლილებები. ჩვენ არ გვაქვს დრო, რომ მომავალი საქართველოს შენება ათეული წლებით გადავდოთ, რადგან ქვეყნის მყისიერი წარმატება აუცილებელია“, – განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.  

პარლამენტის პირველ სხდომას დეპუტატებთან ერთად ასევე ესწრებოდნენ მთავრობის, სასამართლო ხელისუფლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ხელმძღვანელობით საპატრიაქროსა და ასევე სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button