skip to content
ახალი ამბები

ქართულმა ოცნებამ დარჩენილი ორი საპარლამენტო კომიტეტის მომავალი ხელმძღვანელები დაასახელა

ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებულმა ქართულმა ოცნებამ 14 ნოემბერს იმ ორი დარჩენილი საპარლამენტო კომიტეტის მომავალი ხელმძღვანელები დაასახელა, რომელთა შერჩევაზეც კონსულტაციები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მმართველი პარტია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე სოფო კილაძის კანდიდატურას წარადგენს, რომელიც ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრი და შსს-ის აკადემიის ყოფილი პრორექტორია.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას კი, ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ყოფილი ფეხბურთელი  მიხეილ ყაველაშვილი ჩაიბარებს, რომელმაც სოფო კილაძის მსგავსად, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მოიპოვა გამარჯვება ნაძალადევის რაიონში.

ყაველაშვილი ამ თანამდებობაზე ლერი ხაბელოვს შეცვლის, რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტში ქართული ოცნების პარტიული სიით შედის.

თავდაპირველად ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელობა ქართულ ოცნებაში საარჩევნო სიის მე-12 ნომერს მანანა კობახიძეს შესთავაზეს, თუმცა მან უარი თქვა ახალი მოწვევის პარლამენტში რაიმე თანამდებობის დაკავებაზე. ის მოქმედ პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.

„გარკვეული მოსაზრებების გამო, მე უარი ვთქვი აღნიშნულ შემოთავაზებაზე“, – დაკონკრეტების გარეშე დაწერა თავის Facebook-ის გვერდზე კობახიძემ ორშაბათს.

ქართულმა ოცნებამ, რომელსაც ახალ პარლამენტში 115-წევრიანი საკონსტიტუციო  უმრავლესობა ეყოლება, საპარლამენტო თანამდებობების უდიდეს უმრავლესობაზე თავისი კანდიდატები 6 ნოემბერს დაასახელა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარტიის აღმასრულებელი მდივანი, 38 წლის ირაკლი კობახიძე წარადგინა.

თავისი კანდიდატები დასახელა ასევე პატრიოტთა ალიანსმა, რომელიც ახალ საკანონმდებლო ორგანოში 6 დეპუტატით შედის. პატრიოტთა ალიანსი პარლამენტის ვიცე-სპიკერად პარტიის ერთ-ერთ ლიდერს და გენერალურ მდივანს ირმა ინაშვილს, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარედ –  პარტიის პოლიტიკურ მდივანს გიორგი ლომიას წარადგენს.

ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც 27 დეპუტატით უმსხვილესი ოპოზიციური ჯგუფი იქნება პარლამენტში, ჯერ-ჯერობით საპარლამენტო თანამდებობების განაწილების თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

პატრიოტთა ალიანსის მსგავსად, ნაციონალურ მოძრაობასაც ერგება ერთი მოადგილის ადგილი სპიკერატში; პარტიამ ასევე უნდა გადაწყვიტოს ფრაქციის ფორმირებისა და მისი ხელმძღვანელობის საკითხები; უმცირესობის შემქმნის შემთხვევაში კი, დაასახელოს  ლიდერი – წინა მოწვევის პარლამენტში უმცირესობას ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი, დეპუტატი დავით ბაქრაძე ხელმძღვანელობდა.

მეცხრე მოწვევის პარლამენტი კვირის ბოლომდე, არაუგვიანეს 19 ნოემბრისა უნდა შეიკრიბოს მას შემდეგ, რაც ცესკო ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს.

 

მსგავსი/Related

Back to top button