ახალი ამბები

პრაღაში აბაშიძის და კარასინის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ორმხრივი არაფორმალური დიალოგის ფარგლებში 19 ოქტომბერს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში, რომ ქართველმა და რუსმა დიპლომატებმა „დაადასტურეს მზადყოფნა, რომ განაგრძონ პრაგმატული კურსი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი ნორმალიზების მიზნით“.

„აღინიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოში ცოტა ხნის წინანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ორივე მხარე დაინტერესებულია, რომ გაგრძელდეს დიალოგი რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების გააქტიურების შესახებ კონკრეტულ საკითხებზე იმ სფეროებში, სადაც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში პროგრესია შესაძლებელი – ესაა ვაჭრობა, ტრანსპორტი, კულტურულ–ჰუმანიტარული სფერო“, – ნათქვამია პრესრელიზში.

„ორმხრივი ნორმალიზების კუთხით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები ოპტიმიზმს ბადებს“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ და ხაზი გაუსვა ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობებისა და საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის ზრდას, ასევე ორი ქვეყნის „ტრანსპორტის ხელისუფლებებს შორის პრაქტიკული ურთიერთქმედების წარმატებულ განვითარებას“. 

სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში ნოემბერში ორი ქვეყნის სავაჭრო პალატების ორგანიზებით, რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა გაიმართება.

„გაგრძელდება მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თაობაზე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დასძინა, რომ რუსეთის მთავრობა განიხილავს ქართული ავიახაზების თვითმფრინავების ეკიპაჟებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხს.  

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა 20 ოქტომბერს, რომ  ქართველმა დიპლომატმა „ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებსა და საოკუპაციო ხაზთან შექმნილ რთულ ვითარებაზე გაამახვილა  ყურადღება“.

„ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ.

ამავე ინფორმაციით, „შეხვედრაზე განიხილეს პრაღის ფორმატის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები – სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთქმედების გაღრმავების პერსპექტივები“.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ შეხვედრაზე აბაშიძემ კიდევ ერთხელ გაუმეორა თავის რუს თანამოსაუბრეს, რომ თბილისმა დაასრულა მუშაობა ყველა იმ დოკუმენტზე, რომელიც ორ ქვეყანას შორის საბაჟო კონტროლის შესახებ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (ვმო) 2011 წლის შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

საქართველო მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას, რაც თბილისმა და მოსკოვმა შვეიცარიის შუამავლობით 2011 წლის ნოემბერში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. ეს შეთანხმება ჯერ არ განხორციელებულა და საკითხი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესრელიზში საერთოდ არ არის ნახსენები.

შეხვედრისას ასევე განიხილეს საქართველოს იმ მოქალაქეებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში  ჯაშუშობის ბრალდებით სასჯელს იხდიან, განაცხადა პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ. 2014 წლიდან მოყოლებული რუსეთმა საქართველოს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული 7 პირი გადმოსცა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აბაშიძის და კარასინის მომდევნო შეხვედრა, სავარაუდოდ, 2017 წლის დასაწყისში გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button