skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი მიესალმა კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივას

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიესალმა პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივის „სულისკვეთება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ხსენებულ თემაზე სპეკულაციების დასრულებას და ამავდროულად, მოხსნის ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს“.

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის ქართული ოცნებაც 150–წევრიან პარლამენტში სამი მეოთხედის უმრავლესობას მოიპოვებს იმ შემთხვევაში, თუ სულ ცოტა 46 მანდატს მოიგებს მეორე ტურებში, ჯგუფის შექმნის წინადადება მაშინ წამოაყენა, როცა 19 ოქტომბერს პასუხობდა გამოთქმულ წუხილებს  მმართველი პარტიის საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლის თაობაზე; მან განაცხადა, რომ ეს „არაჯანსაღი სპეკულაციაა“. 

„საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფო მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, რომელიც ამავდროულად არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, მზად არის დააფუძნოს აღნიშნული სამუშაო ჯგუფი, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით“, – განაცხადა აბაშიშვილმა, „ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე დავიწყოთ კონსულტაციები აღნიშნული სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესსა და სტრუქტურაზე“.

„ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ წინა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის გამოცდილება იმისათვის, რომ აღნიშნული ახალი საკონსტიტუციო სამუშაო ჯგუფი არ იყოს ისეთივე არაეფექტიანი, როგორც ეს წინა საკონსტიტუციო კომისია იყო“, – განაცხადა მან, მხედველობაში ჰქონდა რა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე სახელმწიფო კომისია, რომელიც 2013 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა, თუმცა ვერ შეძლო საბოლოო პროექტის მომზადება, რადგანაც ზოგმა მთავარმა პარტიამ ნაკლები ინტერესი გამოავლინა მისი მუშაობის მიმართ.

წინა კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც მაშინ აცხადებდა, რომ მოქმედი კონსტიტუცია „სერიოზულ ხარვეზებს“ შეიცავდა; თუმცა ის არსებული მოდელის გაუმჯობესებას უფრო უჭერდა მხარს, ვიდრე მის მთლიანად შეცვლას.

მართალია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტიის ზოგიერთმა წევრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის გაუქმება შესაძლოა ასევე იყოს საკონსტიტუციო ცვლილებების თემებს შორის, მაგრამ პარტია ქართულმა ოცნებამ მას შემდეგ რამდენჯერმე განაცხადა, რომ წინასწარ არაფერი აქვს გადაწყვეტილი კონსტიტუციის კონკრეტულ დებულებებთან მიმართებაში.

ერთადერთი,  რაზეც ქართულმა ოცნებამ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მკაფიოდ განაცხადა, რომ კონსტიტუციაში ასახავს, ეს არის ქორწინების, როგორც ქალის და მამაკაცის კავშირის განსაზღვრა.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button