ახალი ამბები

„თავისუფალი დემოკრატები“ კიდევ ხუთმა ლიდერმა დატოვა

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერის ირაკლი ალასანიას და  ალექსი პეტრიაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, ეს ოპოზიციური პარტია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ კიდევ ხუთმა ლიდერმა, დეპუტატებმა ზურაბ აბაშიძემ, ვიქტორ დოლიძემ, დავით ონოფრიშვილმა, გია ცაგარეიშვილმა და ირაკლი ჩიქოვანმა დატოვეს.

ამჟამინდელ პარლამენტში პარტია ქართულ ოცნებასთან კოალიციურ ფორმატში მოხვდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 2014 წლის ნოემბერში მმართველი კოალიცია დატოვა, ამ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, „თავისუფალი დემოკრატები“ მეოთხე ადგილზე გავიდნენ ხმათა 4.63%-ით, რითაც სულ ცოტა დააკლდათ პარლამენტში მოსახვედრად სავალდებულო 5%-იანი ბარიერის დასაძლევად. 

„მოსახლეობამ გააკეთა ამგვარი არჩევანი და ჩვენ ამას პატივის უნდა ვცეთ“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც პარტიული საქმიანობის შეწყვეტის შესახებ ისაუბრა, „ცუდია, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ არ არიან პარლამენტში წარმოდგენილი, მაგრამ ისინი პოლიტიკაში კიდევ იტყვიან თავის სათქმელს, რაშიც მე ყოველთვის გვერდზე ვედგები“.

პრესკონფერენციაზე არ ყოფილა, თუმცა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება დაადასტურა ასევე ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც „თავისუფალი დემოკრატების“ საპარლამენტო ფრაქციას ხელმძღვანელობდა.

„დღეიდან ვწყვეტ პარტიულ საქმიანობას და ამითი გზას ვუხსნი ახალ ხალხს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ პრესკონფერენციაზე, რომელმაც დავით ონოფრიშვილისა და გია ცაგარეიშვილის მსგავსად, მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის.

მათი განცხადებების შემდეგ ტრიბუნა „თავისუფალ  დემოკრატებში“ დარჩენილმა წევრებმა დაიკავეს პარტიის აღმასრულებელი მდივნის თამარ კეკენაძის ხელმძღვანელობით.

„ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“, ვაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას საქართველოს უკეთესი მომავლისთვის… პარტია განახლდება და ნელ-ნელა მოემზადება 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, – განაცხადა კეკენაძემ.

მისი თქმით, პარტია "მარტო არ დატოვებს" და გვერდით დაუდგება თავის მაჟორიტარ კანდიდატს ჭიათურაში თემურ გაფრინდაშვილს, რომელსაც სადეპუტატო მანდატისთვის ბრძოლა მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატთან სულხან მაკარიძესთან მოუწევს. პირველ ტურში მაკარიძემ ხმების 34.35% დააგროვა, გაფრინდაშვილმა კი ხმების 19.11% მიიღო – მეორე ტურში მათგან ის გაიმარჯვებს, ვინც მეტ ხმას დააგროვებს.

ჭიათურა არ არის ერთადერთი მაჟორიტარული ოლქი, რომელშიც თავისუფალმა დემოკრატებმა მეორე შედეგი აჩვენეს. გორში მეორე ადგილზე პარტიის აწ უკვე ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია გავიდა, თუმცა პოლიტიკიდან დროებით წასვლის შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადებასთან ერთად, 10 ოქტომბერს მან ასევე განაცხადა, რომ აღარ განაგრძობს ბრძოლას გორში მაჟორიტარული მანდატისთვის. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button