skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი არჩევნების წინა დღეს ამომრჩევლებს მიმართავს

საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს ამომრჩევლებისადმი ვიდეო მიმართვაში ექს–პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების გამარჯვება 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საფრთხეს შეუქმნის ქართული სახელმწიფოს არსებობას.

თავის Facebook–ის გვერდზე 7 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეოში სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ასეთი მნიშვნელოვანი არჩევანის წინაშე არასდროს მდგარა. 

„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილის დარჩენის პირობებში, ქართული სახელმწიფოს არსებობაც კი დადგება ეჭვქვეშ და საქართველოს დაემუქრება გაქრობა მსოფლიო რუკიდან“, – განაცხადა მან.

„ივანიშვილმა იწინასწარმეტყველა, რომ საქართველო გაქრებოდა საერთაშორისო რადარებიდან და როგორც დავიდ კოპერფილდმა, მართლაც გააქრო ის საერთაშორისო რადარებიდან. ჩვენ ეს აღარ უნდა დავუშვათ… თქვენ ხედავთ როგორ გაიქცა ლარი; ღმერთმა არ ქნას, ესენი კიდევ რამდენიმე თვე რომ გაჩერდნენ, ჩვენი ეროვნული ვალუტა საერთოდ ჩამოიშლება და ამას მოყვება ძალიან ბევრი ნეგატიური გარემოებები“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩვენ ხვალ ჩვეულებრივ არჩევანს არ ვაკეთებთ. ვაკეთებთ არჩევანს სიბნელესა და სინათლეს შორის, საქართველოს არსებობასა და გაქრობას შორის, სახელმწიფოებრიობასა და სრულ ჩამოშლას შორის. მე, როგორც არასდროს, ჩემო თანამემამულეებო, მაქვს თქვენი იმედი“, – განაცხადა მან.    

„მთელი ლაპარაკი იმაზე, რომ ივანიშვილი გააყალბებს არჩევნებს, არის სრული სისულელე. ამ კაცს არაფერი არ გამოუვიდა… ის რეალურად არის მთლიანად გაკოტრებული…  ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება, როგორ არ დავუშვათ არჩევნების გაყალბება და დავიცვათ თითოეული თქვენგანის ხმა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ხვალ საქართველო იტყვის, რომ ის იმსახურებს იყოს სახელმწიფო და არა ერთი ახირებული რუსი ოლიგარქის უბრალო სათამაშო… ხვალ საქართველო იტყვის, რომ მას აღარ უნდა უნიათო მთავრობა, რომელიც მუდმივად გვექაჩება წარსულში და მუდმივად ერთ ადგილს ტკეპნის“, – განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა „თითქმის მთლიანად განახლდა“ და „გადახალისდა“.

„მინდა ვუთხრა დღევანდელ მთავრობას და ხვალინდელ პოლიტიკურ ოპოზიციას, ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ. ჩვენი ამოცანა არ არის წარსულში გახედვა, ჩვენი ამოცანა არ არის ვიღაცის დევნა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button