skip to content
ახალი ამბები

კვირიკაშვილი: თარგამაძის მანქანის აფეთქება არის ‘ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია’ და ‘საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია’

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება არის „ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია“ და „საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ „არეულობის“ მიზნით.

დეპუტატი თარგამაძე და მისი მძღოლი სამშაბათს საღამოს თბილისის ცენტრში მათი მანქანის აფეთქებას გადაურჩნენ; შემთხვევის ადგილას ოთხი გამვლელი დაშავდა.

პოლიციამ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

თავის ვიდეო მიმართვაში, რომელიც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ ღამის დაახლოებით 2 საათზე გაავრცელა, კვირიკაშვილმა განაცხადა: „ის რაც მოხდა დღეს საღამოს თბილისში, არის არა მხოლოდ ქვეყნის წინააღმდეგ მოწყობილი დივერსია, არამედ ეს არის არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობის მიზნით, საქართველოს მტრების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია“.

„უკვე დაწყებულია გამოძიება და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება დამნაშავე პირების დასაკავებლად“, – განაცხადა მან.  

„ეს უმძიმესი დანაშაული შეიძლება იყოს მხოლოდ იმ ძალის ინტერესებში, რომელიც ვერ ეგუება ჩვენს ქვეყანაში თავისუფალ და მშვიდ საარჩევნო გარემოს“, – დასძინა მან. 

„მინდა მივმართო ამ პროვოკაციის დამგეგმავებს და განმახორციელებლებს – თქვენ აუცილებლად უმკაცრესად აგებთ პასუხს კანონის წინაშე. ვერცერთ დამნაშავეს ვერ დაიცავს ვერანაირი იმუნიტეტი ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ყველა აგებს პასუხს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

„ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ და არ დავუშვებთ ამ ქვეყანაში პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანების სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას“, – განაცხადა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button