skip to content
ახალი ამბები

2017 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტის თანახმად, რომელიც მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა, შემოსავლები 8.715 მლრდ ლარს, ხოლო ხარჯები 8.787 მლრდ ლარს შეადგენს.

2016 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 8.555 მლრდ ლარზე, ხარჯები კი 8.543 მლრდ ლარზეა გათვლილი.

მომავალ წელს მთავრობა საგადასახადო შემოსავლების სახით 8.17 მლრდ ლარის მობილიზებას გეგმავს, რაც 190 მლნ ლარით აღემატება 2016 წელს არსებულ საგადასახადო შემოსავლების გეგმას. ეს ზრდა იმ ფონზე იგეგმება, როცა 2017 წლიდან ამოქმედდება მოგების გადასახადის რეფორმა და დაბეგვრას მხოლოდ განაწილებული მოგება დაექვემდებარება, რაც დაახლოებით ორჯერ, 523 მლნ ლარამდე ამცირებს ამ გადასახადის სახით მისაღები შემოსავლების პროგნოზს.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, გრანტების სახით მისაღები თანხების მოცულობა 10 მლნ ლარით იზრდება და 265 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო „სხვა შემოსავლები“ წლევანდელთან შედარებით 40 მლნ ლარით მცირდება და 280 მლნ ლარი ხდება. პრივატიზაციიდან მთავრობა მომავალი წლისთვის 90 მლნ ლარის მიღებას ელის.

2017 წლის ბიუჯეტის პარამეტრები 4%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლილი. 2016 წელს მთავრობა 3%–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს – პირველ რვა თვეში ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.7% შეადგინა. 2015 წელს ეკონომიკა 2.8%–ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი ზრდა იყო. 

ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაში, როგორც მთავრობა განმარტებით ბარათში აღნიშნავს, „საარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით“ არ არის გათვალისწინებული სახსრები ახალი პროგრამებისთვის, თუმცა პროექტის გადამუშავების შედეგად არსებული მაკროეკონომიკური პარამეტრების ფარგლებში მათი „მაქსიმალური“ დაფინანსება იგეგმება. 

ამდენად, პირობითია ის დაფინანსების პარამეტრები, რომლებიც სამინისტროებისთვის მომავალ წელს შემდეგი სახით არის გათვალისწინებული:

  • შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო– 3.33 მლრდ ლარი (2016 წელს – 3.162 მლრდ ლარი);
  • თავდაცვის სამინისტრო – 743 მლნ ლარი (2016 წელი – 670 მლნ ლარი; 2015 წელი – 667.3 მლნ ლარი; 2014 წელი – 667.4 მლნ ლარი; 2013 წელი – 610.4 მლნ ლარი; 2012 წელი – 730.6  მლნ ლარი);
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო – 585 მლნ ლარი (2016 წელი – 595 მლნ ლარი);
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 1.086 მლრდ ლარი (2016 წელი – 950 მლნ ლარი);
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 1.025 მლრდ ლარი (2016 წელი – 971.3 მლნ ლარი);
  • სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 238. 1მლნ ლარი (2016 წელი – 321.3 მლნ ლარი);
  • ფინანსთა სამინისტრო  – 85 მლნ ლარი (2016 წელი – 90 მლნ ლარი);
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 97.5 მლნ ლარი (2016 წელი – 95.1 მლნ ლარი);
    ენერგეტიკის სამინისტრო  – 121 მლნ ლარი (2016 წელი – 135 მლნ ლარი);
  • იუსტიციის სამინისტრო – 65.6 მლნ ლარი (2016 წელი – 70.5 მლნ ლარი);
  • სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო – 146 მლნ ლარი  (2016 წელი – 153.8 მლნ ლარი);
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო – 105.6 მლნ ლარი (2016 წელი – 110 მლნ ლარი);
  • კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო –  96.4 მლნ ლარი (2016 წელი- 97 მლნ ლარი);
  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო –  98.3 მლნ ლარი (2016 წელი – 90 მლნ ლარი);
  • გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო – 37.9 მლნ ლარი (2016 წელი – 42.1  მლნ ლარი);
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო – 85 მლნ ლარი (2016 წელი – 85 მლნ ლარი);
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 1.35 მლნ ლარი (2016 წელი – 1.35 მლნ ლარი);
  • ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 3.1 მლნ ლარი (2016 წელი – 3.1  მლნ ლარი);
  • დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი –  1.2 მლნ ლარი (2016 წელი – 1.2 მლნ ლარი).

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს 110 მლნ ლარით დაფინანსდება, რაც 10 მილიონიანი ზრდაა 2016 წელთან შედარებით.

პარლამენტი მომავალ წელსაც 52 მლნ ლარს მიიღებს, ისევე როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება დარჩება უცვლელი – 9.8 მლნ ლარი. პროექტის თანახმად, მთავრობის ადმინისტრაცია მომავალ წელს 17 მლნ ლარს, წლევანდელზე 3 მილიონით ნაკლებს მიიღებს.  მთავრობის სარეზერვო ფონდი, პირველადი პროექტით, მომავალ წელსაც 50 მლნ ლარი, ხოლო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მოცულობა კვლავ 5 მლნ ლარი იქნება.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მომავალ წელს, როცა ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უწევს, 60.5 მლნ ლარით დაფინანსდება – მიმდინარე საარჩევნო წელს ცესკოს დაფინანსება 58.5 მლნ ლარია.

ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერების მოცულობა არსებული 621.7 მლნ ლარიდან მომავალ წელს 645 მლნ ლარამდე გაიზრდება, ნათქვამია პროექტში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა (14.5 მლნ ლარი) და სახალხო დამცველის აპარატის (4.5 მლნ ლარი) დაფინანსება მომავალ წელს უცვლელი რჩება, პირველადი პროექტის თანახმად.

საქართველოს საპატრიარქო ტრადიციულად 25 მლნ ლარს მიიღებს მომავალ წელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2017 წლისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ზრდაა გათვალისწინებული არსებული 44.1 მლნ ლარიდან 47.5 მლნ ლარამდე.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეულ ახალ პარლამენტში განხილვების შედეგად საბოლოო სახეს წლის ბოლოსთვის, მის საბოლოო დამტკიცებამდე მიიღებს.

მსგავსი/Related

Back to top button