skip to content
ახალი ამბები

მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის პატიმრობის შეფარდება არაკონსტიტუციურად გამოცხადდა

საკონსტიტუციო სასამართლომ 29 სექტემბერს ძალადაკარგულად გამოაცხადა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც პირადი მიზნებით მარიხუანას განმეორებითი მოხმარების გამო ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციას არ ნიშნავს, 11 თვის წინ მის მიერ მიღებულ მსგავს განჩინებაზე დაყრდნობით, არსებითი განხილვის გარეშე მიიღო.

გასული წლის ოქტომბერში საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილთან მიმართებაში გადაწყვიტა, რომ 70 გრამამდე მარიხუანას პირადი მოხმარებისთვის შეძენა/შენახვისთვის პატიმრობის სანქციის გამოყენება არაკონსტიტუციურია.

ამჯერად, დავის საგანს წარმოადგენდა სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის სასჯელის სახით პატიმრობას ითვალისწინებს  ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ნასამართლევი პირის მიმართ.

„მარიხუანის განმეორებით ან არაერთგზის მოხმარება არ წარმოადგენს იმაზე მეტი საფრთხის შემცველ ქმედებას, ვიდრე მისი 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შენახვა. სასჯელი, რომელიც არაპროპორციულად იქნა მიჩნეული ამ უკანასკნელი ქმედებისთვის, ასევე არაპროპორციული იქნება მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის“, – ნათქვამია სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

სისხლის სამართლის 273-ე მუხლიდან პატიმრობის, როგორც შესაძლო ერთ-ერთი სანქციის ამოღება იყო იმ ცვლილების ძირითადი მიზანი, რომელიც პარლამენტს ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ დეპუტატებმა გასული წლის მაისის ბოლოს შესთავაზეს, თუმცა ეს კანონპროექტი, მარტში პირველივე კენჭისყრაზე 47 ხმით ჩავარდა – მის მიღებას 3 დეპუტატის ხმა დააკლდა. 

მსგავსი/Related

Back to top button