skip to content
ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 27 სექტემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა ლარის მხარდასაჭერად.

ეს ეროვნული ბანკის მეორე ინტერვენციაა დაახლოებით ბოლო ერთი კვირის მანძილზე და მესამე ბოლო ერთ თვეში, რომლის დროსაც ბანკმა 20–20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა.

27 სექტემბრის ინტერვენციის შემდეგ ეროვნული ბანკის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 2.327 ლარი შეადგინა დოლართან მიმართებაში, რაც უმნიშვნელო გამყარებაა ერთი დღით ადრე არსებულ ლარის 2.334-იან კურსთან შედარებით, 2.3%–ით მეტი ერთი წლით ადრე არსებულ, ხოლო 2.8%–ით მეტი წლის დასაწყისში არსებულ კურსთან შედარებით. თბილისში ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში ერთი დოლარი დაახლოებით 2.35 ლარად იყიდებოდა სამშაბათს საღამოს.

2016 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა სულ 140 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა და 278.35 მილიონი აშშ დოლარი იყიდა 20 ინტერვენციის შედეგად.

2016 წლის აგვისტოს ბოლოს მდგომარეობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მოცულობამ 2.888 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; ივლისში ეს მაჩვენებელი 2.856 მილიარდს, ხოლო ერთი წლით ადრე 2.463 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. 

ეროვნული ბანკის მიერ წელს განხორციელებული ყველაზე მეტი ინტერვენცია შესყიდვის კუთხით მარტის შუა პერიოდიდან ივნისის დასაწყისამდე პერიოდზე მოდის, როდესაც აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გამყარება ხდებოდა.

ლარმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო, დაახლოებით, 1.75–ის ნიშნულიდან და 2016 წლის იანვრის ბოლოსთვის 2.4985-იან რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

მსგავსი/Related

Back to top button