ახალი ამბები

„გირჩმა“ პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკი დატოვა

ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩმა“ სამშაბათს საღამოს პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკი სახელმწიფო ხალხისთვის დატოვა იმ მოტივით, რომ „ბლოკს აქვს სერიოზული პრობლემები“.

ეს განცხადება საპარლამენტო არჩევნებამდე თერთმეტი დღით ადრე გაკეთდა და როგორც „გირჩმა“ განაცხადა, მათი ეს გადაწყვეტილება ავტომატურად იმასაც ნიშნავს, რომ პარტია ეთიშება არჩევნებს.

ოთხპარტიული საარჩევნო ბლოკი 18 აგვისტოს შეიქმნა და ის პაატა ბურჭულაძის პარტია სახელმწიფო ხალხისთვის; ახალ მემარჯვენეებს; ახალ პოლიტიკურ ცენტრს „გირჩი“ და ახალ საქართველოს აერთიანებდა – ამ ორი უკანასკნელი პარტიის დამფუძნებლები ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები, დეპუტატები ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე არიან, შესაბამისად.

„ეს არის რთული, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილება, რადგან ბლოკს აქვს სერიოზული პრობლემები, როგორც ადამიანური ურთიერთობებისა და მენეჯმენტის, ისე ფინანსური კუთხით“, – განაცხადა „გირჩმა“ მოკლე წერილობით განცხადებაში დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

„გირჩის“ ამ განცხადებიდან ცოტა ხანში, „რუსთავი 2“-ის თოქ-შოუში პირდაპირ ეთერში საუბრისას, პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ბლოკიდან „გირჩის“ გაშვება და საარჩევნო სიიდან მათი წევრების ამოღება მისი გადაწყვეტილება იყო.

ამის მიზეზი, ბურჭულაძის თქმით, ის გახდა, რომ მან ახლა შეიტყო იმის შესახებ, რომ „გირჩს“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს.

„ჩვენ ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებელი პარტია“, – განაცხადა ბურჭულაძემ, რომლის პარტიაც რამდენიმე წამყვანმა წევრმა გასული ექვსი კვირის განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით დატოვა, „მე არავის სატელიტი არ ვიქნები – არც სააკაშვილის, არც ბიძინა ივანიშვილის… ეს ["გირჩი"] არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული… მე ამას ვერ მივიღებ, ჩვენ სულ უკაპიკოდ რომ დავრჩეთ… მე ბიძინა ივანიშვილისნაირი არ მინდა ვიყო და არ ვიქნები არასდროს“.

ამ ბრალდებებს „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ოპერატიულად მოწვეულ პრესკონფერენციაზე უპასუხა და უარყო ბურჭულაძის ნათქვამი, როგორც „უსინდისო ზღაპარი“.

ჯაფარიძემ განმარტა, რომ მისმა პარტიამ ბლოკის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბურჭულაძემ „დააშანტაჟა“ იმით, რომ თუ „გირჩი“ ვერ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მიტანას, ამ შემთხვევაში „გირჩის“ წევრებს ამოიღებდა ბლოკის სიიდან. მან ასევე ბრალი დასდო ბურჭულაძეს, რომ ფული არა საარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის, არამედ პირადი მოხმარებისთვის სურდა.

„გირჩს“ ბურჭულაძის ბლოკის პარტიული სიის პირველ თორმეტ ადგილზე სამი წევრი ჰყავდა – მე-4 ნომერი ვახტანგ მეგრელიშვილი, მე-6 იაგო ხვიჩია და მე-12 თავად ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ასევე იყრიდა კენჭს ვაკის ერთ-ერთ მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატად.

28 სექტემბერი არის ბოლო ვადა, როცა პარლამენტის წევრობის კანდიდატს, აგრეთვე მის წარმდგენ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს უფლება აქვთ უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე ან წარდგენილ კანდიდატზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button