ახალი ამბები

„ეს შენ გეხება“: ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე არანაკლებ ‘აღმაშფოთებელია’ მისი შინაარსი

უკანონო ფარული მოსმენების წინააღმდეგ მიმართული სამოქალაქო კამპანია „ეს შენ გეხება“ გმობს სავარაუდოდ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს შორის აუდიო ჩანაწერის ინტერნეტით გავრცელების ფაქტს და ასევე აცხადებს, რომ „არანაკლებ აღმაშფოთებელია ფარული ჩანაწერის შინაარსი“.

სამშაბათს გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, რომლის ავთენტურობაც დასადგენია, მოსაუბრეები განიხილავენ „რევოლუციურ“ სცენარს, არჩევნების შემდგომი საპროტესტო აქციებსა და რუსთაველზე 2–3 თვის განმავლობაში კარვებში 200 მომიტინგის შენარჩუნების საჭიროებაზე საუბრობენ. ნაციონალურმა მოძრაობამ ჩანაწერს დამონტაჟებული უწოდა და კატეგორიულად უარყო დესტაბილიზაციის დაგეგმვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, 27 სექტემბერს განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს „შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად“.

„აუცილებელია, რომ გამოძიება წარიმართოს გამჭვირვალედ, საქართველოს კანონმდებლობის სტანდარტების სრული დაცვით, დადგინდეს ჩანაწერის ავთენტურობა, რათა არ გაჩნდეს უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენების შთაბეჭდილება“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც კამპანია „ეს შენ გეხება“-ში შემავალმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ერთობლივად გაავრცელეს.

„აღმაშფოთებელია, რომ საარჩევნო კამპანია კვლავ ფარული  ჩანაწერების ფონზე მიმდინარეობს და უკანონო ფარული თვალთვალი/ მიყურადება და მისი შედეგების გავრცელება სისტემურ ხასიათს იღებს“, – ნათქვამია ასევე განცხადებაში, „არანაკლებ აღმაშფოთებელია ფარული ჩანაწერის შინაარსი, რომელიც შეიცავს დანაშაულის შესახებ ინფორმაციას“. 

„ეს შენ გეხება“ მოუწოდებს ხელისუფლებას „სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს  ფარული ჩანაწერის უკანონოდ მოპოვება გავრცელების ფაქტი“, რაც ასევე მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებისათვის. 

„აქვე მოვუწოდებთ უსაფრთხოების სამსახურს მიზნობრივად გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და მიიღოს სათანადო კანონიერი ზომები ქვეყნის უსაფრთხოების დაცვისათვის, რაც  არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას უზრუნველყოფს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „არ დაუშვებს რაიმე სახის დესტაბილიზაციას ქვეყანაში და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკითხვაზე დაიბარეს დეპუტატები ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი, რომლებიც სავარაუდოდ ფიგურირებენ ჩანაწერში ექს-პრეზიდენტთან და ოდესის გუბერნატორთან მიხეილ სააკაშვილთან და ასევე დეპუტატებთან აკაკი ბობოხიძესთან, გიგი წერეთელთან და პეტრე ცისკარიშვილთან ერთად.

წიკლაურმა და მინაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ნაციონალური მოძრაობის ოფისში მიტანილი დაკითხვაზე დაბარების უწყებები არ ჩაიბარეს იმ მოტივით, რომ არ აპირებენ „სუს-ის თამაშებში“ მონაწილეობას, თუმცა ასევე განაცხადეს, რომ მზად არიან გამოძიების ნებისმიერ კითხვას გასცენ პასუხი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ "სამართლებრივი დახმარებების შუამდგომლობები გაიგზავნება ყველა შესაბამის ქვეყანაში გამოძიების ინტერესების მიხედვით“.

 

მსგავსი/Related

Back to top button