Placeholder canvas
ახალი ამბები

აუდიო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უსაფრთხოების სამსახურმა შეთქმულების დაგეგმვის მუხლით გამოძიება დაიწყო

ნაციონალურმა მოძრაობამ მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წამყვან წევრს შორის აუდიო ჩანაწერი სამშაბათს ინტერნეტში გავრცელდა, განაცხადა, რომ „კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის დესტაბილიზაციის დაგეგმვას, მათ შორის რევოლუციური სცენარის არსებობას ან მასზე მუშაობას“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა ჩანაწერის გავრცელებიდან რამდენიმე საათში, რომ გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს „შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად“. 

აუდიო ჩანაწერში, რომელიც YouTube-ზე აიტვირთა, მამაკაცი, რომლის ხმაც სააკაშვილის ხმას წააგავს, ეუბნება თავის თანამოსაუბრეებს, რომ მართალია ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ასე თუ ისე იზიარებს მის შეხედულებას „რევოლუციური სცენარის“ განხორციელების თაობაზე, მაგრამ მეორეს მხრივ, ის კოალიციური მთავრობისთვის მომზადების საჭიროებაზეც საუბრობს.   

„ვისაც კოალიციისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე სურვილი არ მაქვს კოალიციების მომზადების. მაგისთვის არ ვიბრძვი“, – აცხადებს სავარაუდოდ სააკაშვილი აუდიო ჩანაწერში.

მის თანამოსაუბრეებს შორის სავარაუდოდ არიან დეპუტატები  აკაკი მინაშვილი, აკაკი ბობოხიძე, გიგი წერეთელი, პეტრე ცისკარიშვილი და ნუგზარ წიკლაური, რომლებიც  არჩევნების „რევოლუციურ ვითარებაში“ ჩატარების, არჩევნების შემდგომი საპროტესტო აქციების და რუსთაველზე 2–3 თვის განმავლობაში კარვებში 200 მომიტინგის შენარჩუნების საჭიროებაზე საუბრობენ.

აუდიო ჩანაწერის საპასუხოდ სააკაშვილმა თავის Facebook-ის გვერდზე დაწერა: „ასეთი უნიჭო მონტაჟებითა და ფაბრიკაციით სურს ივანიშვილს თავისი გარდაუვალი დამარცხების თავიდან აცილება? ჩვენი ხალხის გასულელება არ გამოუვა!“

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო 3–4 წელიწადში უკანონო მოსმენების  შედეგად მოპოვებული სხვადასხვა საუბრების მონტაჟი. 

„შინაარსის ავთენტურობას არ ვადასტურებ… პარტია არ ემზადება რევოლუციისთვის“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში პარტია დაიცავს საკუთარ ხმებს. მისი თქმით, იმ დეპუტატებს, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩანაწერში ფიგურირებენ წელს სააკაშვილთან შეხვედრა არ ჰქონიათ და მას წელს სააკაშვილთან სატელეფონო საუბარიც არ ჰქონია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა 27 სექტემბერს, რომ „მედიით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად“.

„მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც აღნიშნულ ჩანაწერებში ფიგურირებს“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.  

ერთი წლის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეთქმულების მოწყობის საქმეზე  ასევე დაიწყო გამოძიება მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ფარული ჩანაწერი გავრცელდა „რუსთავი 2“–ის საკუთრებაზე მიმდინარე სასამართლო დავის ფონზე. იმ გამოძიების შედეგები ამ დრომდე უცნობია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button