skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი ბიზნესმენებს შეხვდა

ყოფილი პრემიერ–მინისტრი და პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი შაბათს ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა და  საყვედურით ჰკითხა, თუ აკეთებენ საკმარისს არჩევნების წინ იმისათვის, რომ საზოგადოებას აუხსნან ყველა ის დადებითი ცვლილება, რომელსაც ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის მანძილზე ჰქონდა ადგილი.

მისი თქმით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე ხელისუფლებამ ვითარება დადებითი მიმართულებით შემოაბრუნა და პერსპექტივა იმედისმომცემია, თუმცა ვინაიდან მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკური გარღვევა შეუძლებელია,  საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს არსებული სიტუაციის სწორად ანალიზს.

„ამას [დადებით ცვლილებებს] ხედავთ ყველაზე კარგად თქვენ“, – მიმართა ივანიშვილმა ბიზნესმენებს შეხვედრაზე, რომელიც თბილისის ერთ–ერთ სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, „თქვენ უნდა, ჩემი აზრით, მაქსიმალური გააკეთოთ იმისათვის – თუ მართლაც მოგწონთ ეს სიტუაცია – რომ ეს შევინარჩუნოთ და ამ მიმართულებით განვვითარდეთ. კიდევ ვუბრუნდები კითხვას: თქვენ აკეთებთ უფრო მეტს? თქვენ მეტი მოგეთხოვებათ, თქვენ მეტი იცით, მეტს ხედავთ, სწორ ანალიზს აკეთებთ… თუ თქვენ მასებისგან პრაქტიკულად არ განვსხვავდებით?“ 

მისი თქმით, მართალია ის ამას სატელევიზიო გამოსვლებით ცდილობს, მაგრამ მისთვისაც რთულია საზოგადოებისთვის იმის ახსნა, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დგას. პირველი სექტემბრიდან კვირაში ორჯერ ივანიშვილი წინასაარჩევნოდ ადგილობრივ ჟურნალისტებს ხვდება სხვადასხვა რეგიონებში; ამ ინტერვიუებს ტელეკომპანია GDS პირდაპირ ეთერში გადასცემს.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ძალიან ხშირად მას უწევს, რომ ამომრჩევლებს „მოთმინებისკენ“ მოუწოდოს.

„საზოგადოების დიდი ნაწილი როგორი გაჭირვებულიც იყო, ისევ ისეთი დარჩა ამ ოთხი წლის განმავლობაში და ძალიან უჭირთ მათ შეაფასონ მთავრობის როლი და ამ გარდაქმნების როლი… ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც როგორც არ ქონდა ნაციონალური მოძრაობის დროს სამსახური, ასევე არიან დღესაც“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ძალიან რთულია ხალხს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იმ სხვადასხვა საერთაშორისო ინდექსებით და ანგარიშებით აუხსნა, სადაც პოზიტიური ტენდენციებია ნაჩვენები, მათ შორის ეკონომიკაში.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ბოლო ოთხი წლის მანძილზე „60 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა“, თუმცა „600 000 უნდა შექმნილიყო, რომ გარდატეხა მომხდარიყო ქვეყანაში“.

მისი თქმით, ხელისუფლების ბრალი არ არის, რომ გარდატეხა არ მოხდა ოთხ წელიწადში; პრობლემების მოგვარებას დრო სჭირდება და სწორედ ამიტომაც ის ძალიან ხშირად ამომრჩევლებს მოთმინებისკენ მოუწოდებს.

„თქვენ ხართ ამის ყველაზე კარგი შემფასებლები“, – მიმართა ივანიშვილმა ბიზნესმენებს,  „შესაძლებლობები გაქვთ, მაგრამ მე მაქვს კითხვა: რამდენად ახერხებთ? რამდენად აქტიურობთ? რამდენად ცდილობთ, რომ განუმარტოთ [ამომრჩევლებს] და თქვენი წვლილი შეიტანოთ არჩევნებში?“ 

„ეს შეკითხვა არ დამისვამს არასდროს ბიზნესისთვის … მაგრამ დღეს მინდა ეს კითხვა დავსვა და თქვენ თვითონ ჩაიხედეთ თქვენ თავში, რამდენად აქტიურები ხართ, რამდენად ცდილობთ, რომ განუმარტოთ თანამშრომლებს ან უფრო ფართო საზოგადოებასაც ის გარდაქმნები, რაც მოხდა ჩვენს ქვეყანაში. ან თქვენ თვლით სხვანაირად, რომ არაფერიც არ მომხდარა და არაფერიც განსამარტი არ არის და თქვენი ზედმეტი აქტიურობაც არ სჭირდება?“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ის მხოლოდ კითხვას სვამს ამის თაობაზე და ეს სულაც არ ნიშნავს პრეტენზიის გამოთქმას მისი მხრიდან.

მან ასევე ჰკითხა ბიზნესმენებს, თუ რა მოუვიდოდათ მათ, 2012 წელს ნაციონალური მოძრაობა რომ დარჩენილიყო ისევ ხელისუფლებაში.

„რთული საანალიზოა, რა მოხდებოდა მმართველობის ის მოდელი რომ შენარჩუნებულიყო?“ – განაცხადა ივანიშვილმა, „ვერ გადარჩებოდით დღემდე ეს ოთხი წელიწადი; მე არ ვიცი, ვინ დარჩებოდა კიდევ თქვენგან“. 

„ამიტომ მე გისვამთ კითხვას: აკეთებთ განმარტებებს მაინც საკუთარ გუნდთან, საკუთარ თანამშრომლებთან და თუ გაქვთ განცდა მაინც, რომ დღეს არის გაცილებით უკეთესი იმაზე, რაც იყო? შეგახსენებთ, საფრანგეთში ბურჟუაზიული რევოლუცია ბიზნესმენებმა მოახდინეს… ამ მხრივ თქვენ ხართ ასეთი აქტიურები, თუ ისევ შემყურეს როლში ხართ, რომ ვიღაცამ რაღაც უნდა გააკეთოს. თითოეულმა დაუსვით ეს კითხვა თქვენ თავს“, – განაცხადა მან.

 „არ იფიქროთ, რომ მე აქ თქვენს გასაკრიტიკებლად მოვედი. ბიზნესი თავის სიტყვას ამბობს იმაში, რამდენად წარმატებულია საქართველოს ეკონომიკა იმ ფონზე, რაც ხდება რეგიონში“, – განაცხადა ივანიშვილმა, „მადლობა მინდა გადაგიხადოთ და არ იფიქროთ, რომ საკრიტიკოდ ვარ აქ“. 

შემდეგ მან განაგრძო და იგივე კითხვა დასვა: „ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე. აფასებთ ისე სიტუაციას, როგორც მე ეს წარმომიდგენია და შესაბამისად ახორციელებთ ამის შესაფერის ქმედებებს, რომ საკუთარ თანამშრომლებს, მეზობლებს და ახლობლებს მაინც აუხსნათ და მოუწოდოთ?“ 

შემდეგ მან მოკლედ ისაუბრა თავის მოსაზრებაზე პოლიტიკური გარემოს შესახებ და „შუაშისტები“ გააკრიტიკა.

„ზოგიერთები დაჟინებით ეძებენ მესამე ძალას და ძირითადად შუაშისტები – ისინი ყველაზე მავნებლები არიან, რომლებიც ამბობენ ‘არ ვარგოდა სააკაშვილის მთავრობა და არ ვარგა არც კვირიკაშვილის მთავრობა, ვიღაც მესამე უნდა ვნახოთ’ – ასეთ მარტივ პარალელებს ავლებენ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიზნესმენების გარდა შეხვედრას ასევე ესწრებოდა რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკოსი, მათ შორის დეპუტატი დავით ონოფრიშვილი თავისუფალი დემოკრატებიდან და დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე „გირჩიდან“.

„მე იმედი მაქვს, რომ თუ არ მოგეწონათ ჩემი პათოსი, გამაკრიტიკებთ კიდეც ან თუ ფიქრობთ, რომ კითხვას არაგონივრულად ვსვამ… მართლაც ძალიან დიდი გარდაქმნა მოხდა საქართველოში ოთხი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ივანიშვილმა, „რა თქმა უნდა, ხელისუფლება უნდა ვაკრიტიკოთ, მაგრამ შეფასებებში უნდა ვიყოთ ობიექტურები და საზოგადოებას დავეხმაროთ, რომ სწორი ორიენტაცია გააკეთოს“.  

ივანიშვილის 18–წუთიანი გახსნითი სიტყვის შემდეგ, რომელიც ტელეკომპანია „იმედმა“ პირდაპირ ეთერში გაუშვა, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა.

მსგავსი/Related

Back to top button