ახალი ამბები

უზენაესმა სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე დანიშნა

უზენაესი სასამართლოს პლენუმმა 20 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ერთხმად დაუჭირა მხარი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ თეიმურაზ ტუღუშის დანიშვნას.

ტუღუში, რომლის 10-წლიანი უფლებამოსილების ვადაც მის მიერ ფიცის დადების მომენტიდან აითვლება, საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტს  ხელმძღვანელობდა.

ტუღუში საკონსტიტუციო სასამართლოში უზენაესი სასამართლოს კვოტით დანიშნულ ოთარ სიჭინავას შეცვლის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა სექტემბრის ბოლოს ეწურება კიდევ სამ მოსამართლესთან: საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან, მის მოადგილესთან კონსტანტინე ვარძელაშვილთან და მდივანთან ქეთევან ერემაძესთან ერთად.

პაპუაშვილისა და ვარძელაშვილის შემცვლელებად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისი კვოტით უკვე დანიშნა ირინა იმერლიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი და გიორგი კვერენჩხილაძე, მისი ყოფილი საპარლამენტო მდივანი. ერემაძის შემცვლელს, რომელიც პარლამენტის კვოტას იკავებს, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული ახალი საკანონმდებლო ორგანო დაამტკიცებს.

9-წევრიან საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტს, პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს 3-3 წევრის დანიშვნის უფლება აქვთ. აქამდე სასამართლოში, მერაბ ტურავას გარდა, რომელიც მოქმედმა პარლამენტმა აირჩია მოსამართლედ, ყველა დანარჩენი წევრი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს იყო დანიშნული.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი განახლებული შემადგენლობიდან ასევე მოუწევს 5 წლის ვადით ახალი თავმჯდომარის და მოადგილის არჩევა, რომელთაც ფარული კენჭისყრით საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5-მა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი.

მსგავსი/Related

Back to top button