skip to content
ახალი ამბები

პოლიტიკური პარტიების დაფინანსება

პარტია ქართულმა ოცნებამ 2016 წლის პირველ რვა თვეში შემოწირულობის სახით 10.28 მილიონი ლარი მიიღო, რაც თითქმის ორჯერ აღემატება შვიდი ოპოზიციური პარტიის მიერ ჯამში მიღებულ თანხას, იმ ანგარიშების თანახმად, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, პარტიების დაფინანსების მონიტორინგზე პასუხისმგებელ უწყებას წარედგინა.

10.28 მილიონიდან, რომელიც ქართულმა ოცნებამ 2016 წლის პირველ რვა თვეში მიიღო, დაახლოებით 5.6 მილიონი ლარი მხოლოდ აგვისტოში ჩაირიცხა.

შემოწირულობების მეორე უმსხვილესი მიმღები არის პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ 2.29 მილიონი ლარით.

ბურჭულაძის პარტია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ახალ პოლიტიკურ ცენტრ „გირჩთან“ და „ახალ საქართველოსთან“ საარჩევნო ბლოკში იყრის კენჭს. ორივე პარტიას ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრები, დეპუტატები ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე უძღვებიან, შესაბამისად. ბლოკში, რომელიც აგვისტოში შეიქმნა, ასევე შედიან ახალი მემარჯვენეები.

„გირჩმა“ და „ახალმა საქართველომ“ შემოწირულობის სახით 601 000 ლარი და 261 000 ლარი მიიღეს, შესაბამისად.

პატრიოტთა ალიანსი, რომელიც ხუთ უფრო მცირე პარტიასთან ერთად ბლოკში იყრის კენჭს, შემოწირულობების მესამე უმსხვილესი მიმღებია, რომელსაც 2016 წლის იანვარ–აგვისტოში 1.15 მილიონი ლარი შესწირეს.

იმავე პერიოდში ნაციონალურმა მოძრაობამ 651 000 ლარზე ოდნავ მეტი მიიღო; შემდეგ მოდის „თავისუფალი დემოკრატები“ 343 000 ლარით და ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა  – დაახლოებით, 108 000 ლარით.

საქართველოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესი, რომელიც 2013 წელს გამარტივდა, კომპანიებისგან შემოწირულობების მიღების საშუალებას იძლება.

კერძოდ კი, იურიდიულ პირს უფლება აქვს ყოველწლიურად მაქსიმუმ 120 000 ლარის შემოწირულობა გაიღოს პოლიტიკური პარტიისთვის.

კერძო პირს კი ყოველწლიურად მაქსიმუმ 60 000 ლარის შემოწირულობის განხორციელება შეუძლია.
 
პარტია ქართულმა ოცნებამ კორპორატიული შემოწირულობები სულ ცოტა 15 კომპანიისგან მიიღო, მათ შორის 120 000 ლარი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლიდერ კრედიტისგან“, რომლის თანამფლობელიც არის ისკო დასენი, რომელიც 26-ე ნომრად არის შეყვანილი ქართული ოცნების დეპუტატობის კანდიდატთა პარტიულ სიაში.

მმართველმა პარტიამ 120 000 ლარი მიიღო ფარმაცევტული ქარხანა GPM–სგან, რომელიც სააფთიაქო ქსელის „პსპ“–ს თანადამფუძნებელ კახა ოქრიაშვილთან ასოცირდება; ოქრიაშვილი დიდი ხნის მაჟორიტარი დეპუტატია და კვლავაც იყრის კენჭს ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატად დმანისის და წალკის ერთმანდატიან ოლქში.

მმართველი პარტიის სხვა კორპორატიულ დონორებს შორის არიან: საკონდიტრო „გაგრა +“, რომელმაც 120 00 ლარის შემოწირულობა ჩარიცხა; კახეთის ტრადიციული  მეღვინეობა (120 000 ლარი); ფარმაცევტული კომპანია „ნიუ ჯორჯია – 555“ (120 000 ლარი); საკვები პროდუქტების იმპორტიორი კომპანია „ალფა“ (120 000 ლარი); ონლაინ ტოტალიზატორი Geogrand (100 000 ლარი); ბათუმის უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია Dar Building (100 000 ლარი); Coca Cola Bottlers Georgia – 30 000 ლარი.

სხვა პარტიები, რომელთაც კორპორატიული დაფინანსება მიიღეს, არიან პატრიოტთა ალიანსი (რამდენიმე კომპანიისგან ჯამში 120 000 ლარი) და "გირჩი" (10 000 ლარის ღირებულების არაფულადი შემოწირულობა).

შემოწირულობებთან ერთად, რამდენიმე პოლიტიკური პარტია სახელმწიფო დაფინანსებას წინა არჩევნებზე მიღებული შედეგების მიხედვით იღებს. შარშან ექვსმა პარტიამ, რომლებიც ამჟამად უკვე დაშლილი კოალიცია ქართული ოცნების წევრები იყვნენ, საერთო ჯამში 4.45 მილიონი ლარი მიიღო (ქართულმა ოცნებამ – დემოკრატიულმა საქართველომ – 843 752 ლარი, ხოლო რესპუბლიკურმა პარტიამ, თავისუფალმა დემოკრატებმა, მრეწველებმა, კონსერვატორებმა და ეროვნულმა ფორუმმა 721 352 ლარი თითოეულმა; ნაციონალურმა მოძრაობამ შარშან სახელმწიფო დაფინანსების სახით 2.65 მილიონ ლარამდე მიიღო, ხოლო 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე მასთან ბლოკში გაერთიანებული მცირე პარტია ქრისტიან-კონსერვატორები, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი შოთა მალაშხია ლიდერობს, 835 416 ლარით დაფინანსდა ბიუჯეტიდან; ბურჯანაძის დემოკრატიულმა მოძრაობამ – 1.47 მილიონი ლარის საბიუჯეტო დაფინანსება მიიღო; პატრიოტთა ალიანსმა – 636 900 ლარი და ლეიბორისტულმა პარტიამ – 610 000 ლარი.

მსგავსი/Related

Back to top button