ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ნაციონალურ მოძრაობას „სიტუაციის რადიკალიზაცია“ სურს

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარეა, ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობა მასთან ასოცირებული ჯგუფის მეშვეობით 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ „სიტუაციის რადიკალიზაციის“ მცდელობაში დაადანაშაულა.

მან ეს განცხადება 14 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის იმ განცხადებაზე  კომენტარის დროს, რომელშიც პოლიციის ხელმძღვანელმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე 13 სექტემბერს განაცხადა: „არის ინფორმაციები, რომ რიგი პარტიები აპირებენ არჩევნების პერიოდში და შემდგომაც გარკვეულ პროვოკაციებს“.

„მე მქონდა, რა თქმა უნდა, საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრთან და არის ინფორმაცია, რომ … ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში შედის სიტუაციის რადიკალიზაცია“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა 14 სექტემბერს.

„ეს განცხადება ეყრდნობა კონკრეტულ ინფორმაციას, რომლის გამოქვეყნების ვალდებულება მინისტრს არ გააჩნია. ამიტომ, ჩვენ ვალდებული ვართ, რომ პრევენციული ხასიათის განცხადება გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სიტუაციის რაიმე კუთხით დაძაბვა“, – განაცხადა მან.

„ისინი [ნაციონალური მოძრაობა] უარყოფენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ისინი ქმნიან ორგანიზაციებს, როგორიცაა „საქართველოს ერთგულების სახელით“, რომელსაც პირდაპირ აქვს თავის ამოცანად, რომ საქართველოში სიტუაციის რადიკალიზაცია მოახდინოს, მანქანებით დაბლოკონ შესასვლელები, გამოსასვლელები და ასე შემდეგ. ეს ინფორმაცია კანონიერი გზებითაა მოპოვებული. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ვალდებული, რომ ყველა ინფორმაცია გამოვამჟღავნოთ, მაგრამ ეს ინფორმაცია არსებობს. ჩვენ არავის არ მივცემთ უფლებას, რომ სიტუაცია აურიოს საქართველოში. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ იყოს მშვიდობიანი არჩევნები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოს ხელისუფლება კანონით მინიჭებულ ყველანაირ უფლებას გამოიყენებს, რომ ყველანაირი რადიკალიზაცია თავიდან ავიცილოთ. მინდა ვუთხრა ჩვენს ოპონენტს, რომ საქართველოში დღეს არც 2003 წელია, რომ რაღაც პარალელები ავლონ და არც კიდევ სხვა პარალელების გავლება არ მინდა, როცა ასეთი რაღაცეები ხდებოდა. დღეს ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ დავიცვათ ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია და ის გზა, რომლითაც საქართველო დღეს მიდის. ეს გზა არის დემოკრატიის გზა, ეს გზა არის სიტყვის თავისუფლების, ეს არის ადამიანების უფლების დაცვის გზა და არავითარ შემთხვევაში არავის არ მივცემთ უფლებას, რომ ამ გზიდან რამენაირად გადაუხვიოს საქართველომ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

„პოლიცია კანონით მინიჭებულ უფლებებს, რა თქმა უნდა, გამოიყენებს, რომ არ მოხდეს დაძაბულობა“, – განაცხადა მან.

ამის საპასუხოდ, ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ „ერთადერთი ძალა, რომელსაც დესტაბილიზაცია უნდა, თავად ოცნებაა“. 

„დესტაბილიზაციის ერთადერთი წყარო საქართველოში ქართული ოცნებაა“, – განაცხადა მან 14 სექტემბერს, „შარშან მათ ნაციონალური მოძრაობის 60 ოფისი დაარბიეს. ერთადერთი რამაც მაშინ ქვეყანა დესტაბილიზაციისაგან გადაარჩინა, ნაციონალური მოძრაობის ბრძანება იყო, რომ ჩვენი წევრები, აქტივისტები და მხარდამჭერები პროვოკაციებს არ წამოგებულიყვნენ. ჩვენ ვატარებთ კამპანიას, გვჭირდება ნორმალური, მშვიდი საარჩევნო გარემო, რათა მშვიდად შევცვლით ხელისუფლება 8 ოქტომბერს“. 

მანამდე 14 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბრძანება გამოაქვეყნა, რომელიც „დამატებითი ღონისძიებების“ განხორციელებას ითვალისწინებს „არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით“. 

„საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ: მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების მუდმივ შეფასებას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას; არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა შესაძლო გამოცხადების მიზნით, უსაფრთხოების გეგმის შემუშავებასა და არჩევნების პერიოდში გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ორგანიზებას“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

პრემიერ–მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მზადყოფნის უფრო მაღალ სტატუსში გადაყვანა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ მშვიდობიანი, ყველანაირი დაძაბულობისგან თავისუფალი არჩევნები“. მან ასევე მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს და მათ მხარდამჭერებს, რომ თავი შეიკავონ კონტრაქციების და კამპანიის ფარგლებში ერთი და იგივე ადგილას შეხვედრების ჩატარებისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო დაძაბულობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button