skip to content
ახალი ამბები

უსუფაშვილი საკონსტიტუციო კომისიის თაობაზე ივანიშვილის პრეტენზიებს პასუხობს

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს პარლამენტის რესპუბლიკელი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიმართ, რომ მას, როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, „თითი თითზე არ დაუდია“ კონსტიტუციაში ცვლილებების გასატარებლად, უსუფაშვილმა „ცრუ“ ინფორმაცია და „თითიდან გამოწოვილი ბრალდებები“ უწოდა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 2013 წლის დეკემბრის ბოლოს შეიქმნა მოქმედი კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით; კომისიას უფლებამოსილების ვადა სამჯერ გაუგრძელდა, თუმცა მან ისე დაასრულა მუშაობა, რომ კონკრეტული პროდუქტი ვერ დადო.

„4 წელიწადი გავიდა ამ კომისიის თავმჯდომარეა უსუფაშვილი, იქვე შედის ხმალაძეც [იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკური პარტიის წევრი]… თითი თითზე არ დაუდიათ…  აბა რა გააკეთეს 4 წლის განმავლობაში? არაფერი არ გაუკეთებიათ“, – განაცხადა ივანიშვილმა 12 სექტემბერს იმერეთის რეგიონის ჟურნალისტებთან ინტერვიუში, რეგიონულ მედიასთან თავისი წინასაარჩევნო შეხვედრების ციკლის ფარგლებში.

ივანიშვილის თქმით, კონსტიტუციაში ძალიან ბევრი ცვლილება იყო შესატანი და „მათ რიცხვში, პრეზიდენტზეც, რაშიც კოალიციაში უკვე შეთანხმებული ვიყავით… რომ საჯაროდ [პირდაპირი წესით] არჩევა არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის, რომელსაც ასეთი შეკვეცილი უფლებები აქვს“, მაგრამ რესპუბლიკელებს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წესის შეცვლა „არ აწყობდათ“ იმიტომ, რომ „ეთამაშებოდნენ მარგველაშვილს და უნდოდათ ამით რესპუბლიკური პარტიის გამაგრება“.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ცვლილებები რომც მომზადებულიყო, პარლამენტი მათ 113 ხმით მიღებას ვერ მოახერხებდა, ვინაიდან ნაციონალური მოძრაობა მხარს არ დაუჭერდა, ივანიშვილმა უპასუხა: „არ არის ასე; ბევრ კანონებში ნაციონალური მოძრაობაც მიიღებდა მონაწილეობას“.

„არ შეიძლება საკუთარ პარტიას გადაახარჯო საერთო სახელმწიფოებრივი საქმეები“, – განაცხადა ივანიშვილმა, რომელიც რესპუბლიკურ პარტიას, რომელიც ივლისიდან ოფიციალურად გამოეყო მმართველ კოალიციას, ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებს.

„რესპუბლიკური პარტიისთვის სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება პარტია და მთავრდება იქ; თუმცა არ მინდა ზედმეტი დაკნინება, რადგან ამ პარტიას აქვს თავის დამსახურებებიც“, – განაცხადა ივანიშვილმა, რომლის თქმითაც, მისთვის თუ ადრე ქართული ოცნების შემდეგ მეორე არჩევანი რესპუბლიკური პარტია იყო, ახლა უპირატესობას „თავისუფალ დემოკრატებს“ ანიჭებს, რომელმაც მმართველი კოალიცია უფრო ადრე, 2014 წლის შემოდგომაზე დატოვა.

საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებულ ბრალდებებს დავით უსუფაშვილმა 13 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე „ცრუ ინფორმაცია“ უწოდა.

„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ვერ შეძლო გადაწყვეტილებების მიღება იმიტომ, რომ პირველ რიგში, მას დე ფაქტო ბოიკოტი გამოუცხადა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც არაფერი არ აღელვებდა ამ ქვეყანაზე ამ ოთხი წლის განმავლობაში, გარდა საკუთარი თავისა და ქართულმა ოცნებამ, რომელსაც ჩაბარებული ყავდა ეს ქვეყანა სამართავად და სამწუხაროდ, საკონსტიტუციო საკითხები გადადო გვერდზე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ფარგლებში მომზადებულ წინადადებებს შორის უმეტესობა რესპუბლიკური პარტიისა და უშუალოდ დეპუტატ ხმალაძის მიერ იყო მომზადებული. მან ასევე გაასაჯაროვა ქართული ოცნებისთვის სხვადასხვა დროს გაგზავნილი კორესპონდენცია, სადაც თხოვდა, რომ კონკრეტული პოზიციები ჩამოეყალიბებინათ განსახილველ საკითხებზე, მაგრამ „რეაქცია ნოლი“.  

„ამაზე მეუბნებიან, რომ თითი თითზე არ დამიდია და საკონსტიტუციო მუშაობა ჩავაგდე?“ – განაცხადა უსუფაშვილმა, „სირცხვილია, ბატონო ბიძინა. ამის მთქმელს სხვას აღარაფერს დაგიჯერებს ქართველი ხალხი და მე არ მინდა, რომ ქართველი ხალხი დარჩეს უავტორიტეტო ლიდერების ანაბარა“.

მან ასევე „უსაფუძვლო“ და „თითიდან გამოწოვილი“ უწოდა ბრალდებებს პრეზიდენტის  არჩევის წესთან დაკავშირებით და ამ საკითხზე რესპუბლიკური პარტიის დიდი ხნის პოზიცია შეახსენა, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი პარლამენტის მიერ უნდა ირჩეოდეს და არა პირდაპირი წესით.

„მე არ მინდა, რომ პოლიტიკური ლიდერების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სიტყვები უფასურდებოდეს იმ ტიპის არასწორი ფაქტების ტირაჟირებით, რომელიც მოვისმინეთ“, – განაცხადა უსუფაშვილმა, „თუ ვინმე შეეცდება ასეთი უსაფუძვლო და ცრუ ინფორმაცია გაავრცელოს მოვლენების შესახებ, მე იძულებული ვიქნები განვმარტო, განახოთ დოკუმენტურად დაწერილი… უსუფაშვილს ვერაფერი ვერ დააკლდება თუ არ მოემატება ამ ტიპის უსაფუძვლო ბრალდებებით. შესაძლოა ბიძინამაც და სხვებმაც უკეთ იციან როგორ უნდა შეინარჩუნონ აქციების და ქონების ფასი, მაგრამ მე ვიცი როგორ უნდა შევინარჩუნო  ჩემი სიტყვების ფასი და ეს ასე იქნება მუდამ“.  

მსგავსი/Related

Back to top button