skip to content
ახალი ამბები

საქართველო აცხადებს, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულა

საქართველომ და ჩინეთმა დაასრულეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები, რომელსაც წლის ბოლოსთვის მოეწერება ხელი, ძალაში კი 2017 წლის შუა პერიოდიდან შევა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სამშაბათს.

ქუმსიშვილმა, რომელიც ვიცე–პრემიერიცაა, განაცხადა, რომ ჩინეთის ვაჭრობის მინისტრი გაო ჰუჩენგი თბილისში ჩამოვა და ხელს მოაწერს ურთიერთგაგების მემორანდუმს 2016 წლის თებერვლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. 

თავად ხელშეკრულებას, სავარაუდოდ, დეკემბერში მოეწერება ხელი და „ჩვენი მოლოდინით შეთანხმება ძალაში შევა 2017 წლის შუა პერიოდიდან“, განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისი თქმით, ქართული ღვინო, მინერალური წყლები და სოფლის მეურნეობის ნაწარმი იმ პროდუქტებს შორისაა, რომლებიც ჩინეთში „ნულოვანი ტარიფით“ შევა, „ყველანაირი გარდამავალი პერიოდის გარეშე“.

მან ხაზი გაუსვა ამ რეჟიმის მნიშვნელობას ღვინოსთან მიმართებაში.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველომ 2016 წლის პირველ რვა თვეში  ჩინეთში 3.36 მილიონი 0.75–ლიტრიანი ბოთლი ღვინის ექსპორტი განახორციელა, რაც 2.4–ჯერადი ზრდაა 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც ჩინეთში 1.18 ბოთლი ღვინო შევიდა. 

 

მსგავსი/Related

Back to top button