ახალი ამბები

უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2″–ის სარჩელი საკუთრების დავაზე დასაშვებად ცნო

უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ დასაშვებად ცნო „რუსთავი 2“–ის საჩივარი, რომლითაც ტელეკომპანიის საკუთრების შესახებ ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები საჩივრდება.

დასაშვებობის შესახებ  კოლეგიის გადაწყვეტილება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე და ბესარიონ ალავიძე, პარასკევს საღამოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამავე გადაწყვეტილებით, სარჩელს იგივე კოლეგია არსებითად ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 10 ივნისს ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იმ წილების დაბრუნებას ითხოვს, რომელთაც ის დაახლოებით ათი წლის წინ ფლობდა.

ტელეკომპანიის ამჟამინდელმა მფლობელებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ხალვაშის განზრახვა ტელეკომპანიის დაბრუნების თაობაზე ხელისუფლების მიერ არის ნაკარნახევი და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის გაჩუმებას ისახავს მიზნად, საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

უზენაესი სასამართლოს მიერ დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, „რუსთავი 2“–ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენდა, რათა მათ სარჩელის არსებით განხილვაზე უარი ეთქვათ. სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ უარყო ეს ბრალდებები მოკლე წერილობით განცხადებაში, რომელიც დასაშვებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა.  

მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა, გვარამიამ მადლობა გადაუხადა მოსამართლეებს „გამბედაობისთვის“, თუმცა დაიჩივლა გადაწყვეტილების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ სარჩელის არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე წარიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button