ახალი ამბები

ჩრდილოატლანტიკური საბჭო ქართველ დეპუტატებს შეხვდა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ალიანსის წევრი სახელმწიფოების ელჩები, რომლებიც თბილისში იმყოფებიან, ხუთშაბათს დილით პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წევრებს შეხვდნენ.

„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია მსოფლიოსთვის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა თავის გახსნით სიტყვაში.

„ვინაიდან საქართველოში მომდევნო თვეში [8 ოქტომბერს] არჩევნები იმართება, მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და შევაქო პარლამენტის ყველა წევრი თქვენი აქტიური ჩართულობისთვის საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„საქართველომ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ძირეულ საარჩევნო რეფორმებში; თქვენ ასევე გააძლიერეთ კანონის უზენაესობა; და ატარებთ მნიშვნელოვან რეფორმებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში“, – განაცხადა მან.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა შეხვედრაზე თავის გახსნით სიტყვაში განაცხადა, რომ საქართველოს ნატოსთან მხოლოდ გაწევრიანება აშორებს. „დანარჩენი, ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ერთად ვიხილავთ ნატოს წევრი ქვეყნების, მსოფლიოს უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს პრაქტიკულად სრულფასოვანი მონაწილე ნატოს საქმიანობის“.

„მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ საქართველო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იყოს თანამონაწილე უსაფრთხოების, კეთილდღეობის, მშვიდობის დასამყარებლად“, – განაცხადა მან.    

„მინდა მადლობა მოგახსენოთ იმისთვის, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე ერთი თვით ადრე ჩამობრძანდით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, საქართველოს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობისთვის, ვისთვისაც კითხვა დგას არა ასე „კი“ თუ „არა“ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, არამედ საკითხი დგას ასე, რომელი გზაა უფრო მოკლე და უფრო ეფექტური, რომ საქართველო გახდეს ნატოს სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

რესპუბლიკელი უსუფაშვილი, რომელიც ივლისის ბოლომდე მმართველი ქართული ოცნების კოალიციური პარტნიორი იყო, მედიის ყურადღების ცენტრში მიმდინარე კვირას მას შემდეგ მოექცა, რაც განაცხადა, რომ ამერიკული ბაზის საქართველოში შემოყვანა მისი პარტიის ერთ–ერთი პრიორიტეტი იქნება.

„მანამ, სანამ საქართველოს ნატოს წევრობა გახდება რეალური, საქართველომ უნდა იზრუნოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის განთავსებისთვის“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა 6 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის თოქ-შოუში თავისი პარტიის პრიორიტეტებზე საუბრისას, „ჩვენ როდესაც გველაპარაკებიან უბლოკო სტატუსზე, როდესაც გველაპარაკებიან რუსეთის სამხედრო ბაზების დაკანონებაზე საქართველოში, ჩვენი პასუხი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკის მიმართვა იქეთ, რომ ნატოს წევრობამდე,  საქართველოს ტერიტორიაზე განთავსდეს ამერიკის შეერთებული შტატების ან ნატოს სხვა წევრი სახელმწიფოების სამხედრო ბაზა“, – განაცხადა უსუფაშვილმა. 

როდესაც აშშ–ის ელჩს საქართველოში იან კელის უსუფაშვილის ამ წინადადების შესახებ ჰკითხეს,  მან  7 სექტემბერს განაცხადა: „ვფიქრობ, უნდა ვნახოთ, რას გულისხმობს ეს წინადადება“. 

„ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატები უკვე არის მნიშვნელოვნად წარმოდგენილი საქართველოში, ვგულისხმობ იმ წამყვან როლს, რომელსაც წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფარგლებში ვთამაშობთ, ასევე მტკიცე მხარდაჭერის მისიას, რომლის ფარგლებშიც აქ, კრწანისის ტერიტორიაზე, სადაც წვრთნისა და შეფასების ცენტრი მდებარეობს, ჩვენი 150 საზღვაო ქვეითი იმყოფება“, – განაცხადა ელჩმა, რომელიც ქართველი სამხედროების მომზადებას გულისხმობდა  ნატოს მტკიცე მხარდაჭერის ავღანეთის მისიისთვის.  

„და ამას გარდა, ჩვენ ვიწყებთ კიდევ ერთ ორმხრივ პროგრამას – ესაა საქართველოს მზადყოფნის პროგრამა, რომლის შესახებაც ახლა თავდაცვის სამინისტროსთან ვმსჯელობთ, თუ როგორი უნდა იყოს ამ პროგრამის მოხაზულობა; ჯერ ძალიან საწყის ეტაპზე ვართ. მაგრამ, როგორც ვთქვი, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება ამ შემოთავაზების დეტალები და ეს საინტერესო წინადადებაა, რომელიც უნდა განვიხილოთ“, – დასძინა ელჩმა.

მსგავსი/Related

Back to top button