skip to content
ახალი ამბები

აშშ–ის ელჩი საქართველოსთან ურთიერთობების პრიორიტეტებზე

აშშ–ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, შეერთებული შტატებისთვის საქართველოს წარმატება სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე –  „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ –  ამერიკულ-ქართული ურთიერთობების შესახებ საუბრისას, ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი პრიორიტეტებია მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, ნატოში მისწრაფებების მხარდაჭერა და დახმარება, რათა საქართველო გახდეს მოქნილი და წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა.

რაც შეეხება ნატოში მისწრაფებებს, ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ივლისის ვარშავის სამიტის ერთ–ერთი მთავარი შედეგი ღია კარის პოლიტიკის დადასტურება და იმის გამეორება იყო, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია.

„რა თქმა უნდა, ვერავინ იტყვის, როდის შეძლებს საქართველო ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ ჩვენი ამოცანა და ჩვენი პრიორიტეტია, რომ საქართველო სულ უფრო დაუახლოვდეს ნატოს და… აქ მიმდინარე სამხედრო სწავლებები Agile Spirit და გენერალური მდივნის და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი ამის საუკეთესო მტკიცებულებაა“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.

„ვერავინ იტყვის, როდის გაწევრიანდება საქართველო ნატოში, მაგრამ გვსურს უზრუნველვყოთ, რომ საქართველომ შეძლოს უფრო მოქნილი  სახელმწიფო გახდეს უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – დასძინა მან.

კელის განცხადებით, მემორანდუმი თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების თაობაზე, რომელსაც ივლისში სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის თბილისში ვიზიტის დროს მოეწერა ხელი, გამოხატავს „ჩვენს სურვილს, გავაფართოვოთ ორმხრივი თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდა, სამხედრო თანამშრომლობა და ინფორმაციის გაზიარება“.

„ეს მიზნად იმის უზრუნველყოფას ისახავს, რომ საქართველომ შეძლოს საკუთარი თავის დაცვა და ეს ჩვენი ინვესტიციაა საქართველოში არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო ჩვენი ასეთი ფანტასტიური პარტნიორია რეგიონში უსაფრთხოების კუთხით, არამედ ასევე იმიტომაც, რომ გვინდა საქართველომ წარმატებას მიაღწიოს“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.

„რეგიონში მიმდინარე ყველა მოვლენის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ჩვენთვის საქართველოს წარმატების მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება“, – დასძინა მან.

მისი თქმით, მემორანდუმი არის ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას და აგრესორების მოსაგერიებლად საქართველოს შესაძლებლობების ზრდას.

„ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან სტრატეგიული გეგმის მომზადებაზე ვმუშაობთ, რომელსაც მოყვება განხორციელების გეგმა. შემდეგ ეს მომავალ ადმინისტრაციას გადაეცემა რესურსების გამოსაძებნად“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

მან განაცხადა, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს „ზრდა, როგორც დემოკრატიულმა სახელმწიფომ“ და დასძინა, რომ ქვეყანა „მართლაც ლიდერია დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით“; მისივე თქმით, რეგიონში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სხვებისთვის სამაგალითო ქვეყანა იყოს.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით შევყურებთ ოქტომბრის [საპარლამენტო] არჩევნებს“, – განაცხადა კელიმ, „ეს არჩევნები გადამწყვეტია იმ წარმატების შესანარჩუნებლად, რომელსაც საქართველომ დემოკრატიული განვითარების სფეროში მიაღწია“.

როდესაც კელის აშშ–ს და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პერსპექტივებზე ჰკითხეს, მან უპასუხა, რომ ეს საკითხი და ზოგადად, ორმხრივი ვაჭრობის ძალიან დაბალი დონე, მისი, როგორც ელჩის,  პირადი „იმედგაცრუების“ საგანია.

მისი თქმით, აშშ–ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის მთელი დრო და ენერგია წაიღო „ორმა გიგანტურმა მოლაპარაკებამ“ ტრანს–ატლანტიკური ვაჭრობისა და საინვესტიციო პარტნიორობის (TTIP) და ტრანს–წყნარი ოკეანის პარტნიორობის (TPP) შესახებ.   

„ვფიქრობ, ეს [თავისუფალი ვაჭრობის შესაძლო შეთანხმება საქართველოსთან] უკვე [აშშ–ის] მომდევნო ადმინისტრაციის გადასაწყვეტი იქნება. ვფიქრობ, მომავალი ადმინისტრაციისთვის ერთ–ერთი რეალური რეკომენდაცია იმ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე ყურადღების გამახვილება იქნება, რომლებიც სწორ ნაბიჯებს დგამენ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.

როდესაც დისკუსიის წამყვანმა ჰკითხა, რა მოხდება მაშინ, თუ აშშ აირჩევს პრეზიდენტს, რომლის ყურადღების მიღმაც შეიძლება დარჩეს რეგიონი,  ელჩმა უპასუხა: „ვფიქრობ, საქართველომ რეალურად სტრატეგიული და ძალიან დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, რომ იყოს საერთაშორისო სტაბილურობის რეალური კონტრიბუტორი და ამან წარმოაჩინა, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროს პროფესიონალებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის საქართველო, როგორც დასაყრდენი“. 

მისი თქმით, საქართველოს ამერიკის ორივე პარტიის მხრიდან აქვს „უზარმაზარი“ მხარდაჭერა და „მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს მომავალი წლის იანვრის შემდეგაც გაგრძელდება მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს [აშშ–ის საპრეზიდენტო არჩევნებში]“.

იმავე კითხვის საპასუხოდ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელიც იმავე დისკუსიაზე მომხსენებელი იყო, განაცხადა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ აშშ–ის პოლიტიკა უცვლელი დარჩება საერთაშორისო საკითხებთან და მსოფლიოში დემოკრატიულ განვითარებასთან მიმართებაში.

მსგავსი/Related

Back to top button