skip to content
ახალი ამბები

ევროპარლამენტის კომიტეტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულების და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) 5 სექტემბერს ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

ინიციატივას LIBE–ს კომიტეტის 44 დეპუტატმა დაუჭირა მხარი 5-ის წინააღმდეგ.

სავიზო რეჟიმის გაუქმების წინადადებას ახლა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა ეყაროს კენჭი, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია როდის შევა ეს საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიბში.

საკითხი 12-15 სექტემბერს დაგეგმილი პლენარული სხდომის დღის წესრიგში არ ფიგურირებს. ევროპარლამენტის მომდევნო პლენარული სხდომები 3-6 ოქტომბერს, შემდგომი კი 24-27 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის ძალაში შესვლისთვის, მას ასევე ესაჭიროება დამტკიცება ევროკავშირის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების საბჭოს მიერ, რომელმაც ივნისში ვერ შეძლო ამ საკითხზე შეთანხმება გერმანიის მხრიდან ბოლო მომენტში გაწეული წინააღმდეგობის გამო.

დღესვე LIBE–ს კომიტეტმა მხარი დაუჭირა უწყებათაშორისი მოლაპარაკების დაწყებას – ეს არის საკანონმდებლო პროცესის ნაწილი, როდესაც ევროპარლამენტი კონკრეტულ საკითხზე განხილვებს იწყებს ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებთან, მათ შორის ევროკავშირის საბჭოსთან, რომლის თანხმობა ასევე საჭიროა, რათა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა ძალაში შევიდეს.

LIBE-ს კომიტეტმა ასევე 5 სექტემბერს კენჭი უყარა კოსოვოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს, რომელიც მცირე უპირატესობით – 25 ხმით 24-ის წინააღმდეგ – გავიდა. თუმცა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კოსოვოსთვის ვიზების გაუქმებაზე უწყებათაშორისი მოლაპარაკებების დაწყებას. როგორც ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა კენჭისყრამდე განაცხადა, კოსოვოს ბოლომდე ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ყველა ვალდებულება იმისთვის, რომ მასთან უვიზო რეჟიმი იქნას შემოღებული.

მსგავსი/Related

Back to top button