skip to content
ახალი ამბები

ეუთოს საარჩევნო მისია საქართველოში მუშაობას შეუდგა

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისია საქართველოში მუშაობას 30 აგვისტოს შეუდგა, რათა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგი გაუწიოს.

ამჟამად მისია, რომელიც თბილისშია განთავსებული, 9 ქვეყნის 12 ექსპერტისგან შედგება, რომელთაც 5 სექტემბრიდან 26 გრძელვადიანი დამკვირვებელი შეუერთდება, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით განთავსდებიან და წინასაარჩევნო პროცესებს დააკვირდებიან.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) თხოვნით მიმართა ეუთოს წევრ სახელმწიფოებს, რომ 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი მოავლინონ საქართველოში უშუალოდ არჩევნების დღეს მიმდინარე პროცესების მონიტორინგისთვის.

მისიას ფრანგი კარიერული დიპლომატი, ალექსანდრე კელჩევსკი ხელმძღვანელობს;  იგი ასტანაში ეუთოს ცენტრის ხელმძღვანელი იყო და 2013 წლის ბოლოს თურქმენეთის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთოს არჩევნების შემფასებელ მისიას ხელმძღვანელობდა.

OSCE/ODIHR–ის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ხუთი კვირით ადრე გაიხსნა, წინასაარჩევნო ვითარების შესახებ ერთ შუალედურ ანგარიშს მოამზადებს.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე OSCE/ODIHR–ის გრძელვადიანმა სადამკვირვებლო მისიამ, რომელიც მუშაობას არჩევნების დღემდე დაახლოებით 6 კვირით ადრე შეუდგა, ორი შუალედური ანგარიში მოამზადა.

„ჩვენი ფუნქციაა დავაკვირდეთ და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია წარმოვადგინოთ“, – განაცხადა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე კელჩევსკიმ თბილისში 30 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენი როლი არ არის პროცესებში ჩარევა – საერთოდ არ გვაინტერესებს არჩევნების შედეგი; ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ჩატარდება არჩევნები“, – დასძინა მან.

მისია შეაფასებს საპარლამენტო არჩევნებს ეუთოს ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნებისთვის დადგენილ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში, აგრეთვე მის შესაბამისობას ეროვნულ კანონმდებლობასთან. დამკვირვებლები თვალყურს მიადევნებენ კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებას და საარჩევნო დავების გადაწყვეტას. გარდა ამისა, მისია სადამკვირვებლო საქმიანობის ფარგლებში მონიტორინგს გაუწევს მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქებას.

მისია არჩევნებზე დაკვირვების წინასწარ შეფასებას არჩევნების მომდევნო დღეს, 9 ოქტომბერს გამოაქვეყნებს, ხოლო საბოლოო ანგარიშს – საარჩევნო პროცესის დასრულებიდან, დაახლოებით, ორ თვეში.  

მსგავსი/Related

Back to top button