skip to content
ახალი ამბები

საპარლამენტო არჩევნები – 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი

19 პოლიტიკური პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი დარეგისტრირდა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. 
 
ქვემოთ მოცემულია 6 საარჩევნო ბლოკის ჩამონათვალი და მათი პარტიული სიები:

  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (ენმ) – საარჩევნო ბლოკი, რომელიც უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ ჩამოაყალიბა და რომელიც ენმ-ის გარდა ასევე აერთიანებს ნაკლებად ცნობილ პარტიას – „ევროპული საქართველო“; არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ბლოკის სახით მონაწილეობამ მასში შემავალ უფრო მსხვილ პარტიას შესაძლოა გარკვეული პრივილეგიები მიანიჭოს, როგორიცაა მაგალითად დამატებითი ადგილი ცესკოში; ენმ 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებიშიც ბლოკის სახით მონაწილეობდა;
  • პაატა ბურჭულაძე–სახელმწიფო ხალხისთვისსაარჩევნო ბლოკს პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერობს და მის შემადგენლობაში ასევე შედის კიდევ სამი პარტია: „ახალი საქართველო“, რომელსაც დეპუტატი გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობს, რომელმაც ნაციონალური მოძრაობა 2016 წლის მაისში დატოვა; ახალი მემარჯვენეები, რომელსაც ყოფილი დეპუტატი მამუკა კაციტაძე ხელმძღვანელობს, და „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“, რომელიც დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძემ შარშან  მას შემდეგ დააფუძნა, რაც ენმ დატოვა (ფორმალურად „გირჩი“არ შედის იმ პარტიების სიაში, რომელთაც ბლოკად რეგისტრაციისთვის ცესკოს მიმართეს, თუმცა ბლოკის წარმომადგენელთა განცხადებით „გირჩი“ რჩება კოალიციაში და მისი წარმომადგენლები ბლოკის საარჩევნო სიაშიც იქნებიან);
  • ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა – საარჩევნო ბლოკი, რომელიც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობა“-მ შექმნა ნაკლებად ცნობილ პარტიასთან – „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“;
  • დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია – ექვსი პარტიისგან შემდგარი საარჩევნო ბლოკი, რომელიც პატრიოტთა ალიანსთან ერთად ასევე აერთიანებს თავისუფალ საქართველოს; ტრადიციონალისტებს; თავისუფლებას; ახალ ქრისტიან–დემოკრატებს და საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურ მოძრაობას;
  • თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო – საარჩევნო ბლოკი, რომელიც დეპუტატ გოგი თოფაძის მრეწველთა პარტიამ და ზვიად ჩიტიშვილის „ჩვენმა სამშობლომ“ ჩამოაყალიბა; ჩიტიშვილი ბიზნეს საქმიანობას რუსეთში ახორციელებს და მას ორმაგი, რუსეთ–საქართველოს მოქალაქეობა აქვს; "ჩვენი სამშობლოს" ერთ–ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა მსურველთათვის ორმაგი, რუსეთ-საქართველოს მოქალაქეობის უზრუნველყოფა;
  • ჩვენები–სახალხო პარტია – საარჩევნო ბლოკი, რომელიც პარტიებმა „ჩვენები“ და „სახალხო პარტიამ“ შექმნეს.

ორი პარტიისგან შემდგარი საარჩევნო ბლოკი, რომელიც ვალერი კვარაცხელიას პარტია „ნეიტრალურ საქართველო“ და ერთიანი კომუნისტური პარტიისგან შედგებოდა, ვერ დარეგისტრირდა, რადგან 30 აგვისტოს კვარაცხელიას პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდა. ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებაში ნათქვამია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით კვარაცხელია არ არის პარტიის თავმჯდომარე.

ქვემოთ მოცემულია 19 პოლიტიკური პარტიის სია, რომლებიც არჩევნებში დამოუკიდებლად იყრიან კენჭს:

ცესკომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა ან რეგისტრაციიდან მოხსნა სულ 23 პარტია – ბევრ მათგანი იმ მიზეზით, რომ მათ მხარდამჭერთა სიები არ წარადგინეს; ზოგმა კი თავადვე გადაიფიქრა მონაწილეობა. ნეიტრალური საქართველოს მსგავსად, ცესკომ რეგისტრაციიდან ასევე მოხსნა პრორუსული პარტია „ცენტრისტები“.
 
საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიებიდან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს დაძლევენ.
 
დანარჩენი დეპუტატები 73 ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში ირჩევიან. თუ პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ხმათა ნახევარზე მეტი ვერ დააგროვა, მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური უნდა გაიმართოს ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის გამარჯვებულის გამოსავლენად.

მსგავსი/Related

Back to top button