ახალი ამბები

საქსტატი: 2015 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1.56 მლრდ აშშ დოლარი იყო



პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2011-2015 წლების მაჩვენებლები აშშ დოლარებში. წყარო: საქსტატი

2015 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 11%–ით შემცირდა წინა წელთან შედარებით და 1.56 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, „საქსტატის“ მიერ 15 აგვისტოს გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების თანახმად.

ეს საბოლოო მაჩვენებლები გადაიხედა მარტში გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებიდან, რომელიც 1.35 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

დაზუსტებული მონაცემების მიხედვით კი,  პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 2015 წლის პირველ კვარტალში 291.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მეორე კვარტალში 462.7 მილიონამდე, ხოლო მესამეში კიდევ უფრო,  483.2 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა, თუმცა ბოლო კვარტალში 327.1 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა.

ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფერომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი მიიღო 2015 წელს – 585  მლნ აშშ დოლარი (2014 წელი – 434 აშშ დოლარი). შემდეგ მოდის საფინანსო სექტორი – 179  მლნ აშშ დოლარი; ჯანდაცვის სფერო – 140 მლნ აშშ დოლარი; სასტუმროები და რესტორნები – 139 მლნ აშშ დოლარი; ენერგოსექტორი – 124 მლნ აშშ დოლარი; მშენებლობა  – 111 მლნ აშშ დოლარი; უძრავი ქონება –  90 მლნ აშშ დოლარი; სამთომოპოვებითი მრეწველობა – 88 მლნ აშშ დოლარი; დამამუშავებელი მრეწველობა – 67 მლნ აშშ დოლარი.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ოდენობა საქართველომ 2015 წელს აზერბაიჯანიდან მოიზიდა – 550 მლნ აშშ დოლარი, მას მოყვება გაერთიანებულ სამეფოში, ნიდერლანდებში და ლუქსემბურგში დარეგისტრირებული  კომპანიები – 386 მლნ, 155 მლნ და 106  მლნ აშშ დოლარით, შესაბამისად. გასულ წელს თურქეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 73  მლნ აშშ დოლარი, ჩინეთიდან – 67 მლნ აშშ დოლარი და რუსეთიდან – 46 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

წინასწარი მონაცემების თანახმად, 2016 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 376.3 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button