skip to content
ახალი ამბები

ირაკლი ოქრუაშვილი გორში აპირებს მაჟორიტარად კენჭისყრას

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად გორის ერთმანდატიან ოლქში იყრის კენჭს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.

მისი ერთ-ერთი კონკურენტი შიდა ქართლის ამ რეგიონალურ ცენტრში ირაკლი ალასანია იქნება, რომელიც ასევე თავდაცვის მინისტრი იყო, ვიდრე 2014 წლის შემოდგომაზე მისი თავისუფალი დემოკრატები მმართველ კოალიციას ქართულ ოცნებას დატოვებდნენ.

ალასანიამ, რომელსაც თავდაპირველად არ უთქვამს, რომ  მაჟორიტარად კენჭისყრა ჰქონდა განზრახული, ეს გეგმა 10 აგვისტოს მას შემდეგ გამოაცხადა, რაც გორში მისი პარტიის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, დეპუტატმა თამაზ შიოშვილმა უარი თქვა მაჟორიტარად კენჭისყრაზე.

„ირაკლი ალასანიას მე კუნკურენტად ვერ აღვიქვამ არა იმის გამო, რომ ის არ მიმაჩნია მძიმეწონიან ფიგურად, არამედ იმის გამო, რომ მე ზოგადად, არ ვიცი რა დგას მისი ამ გადაწყვეტილების უკან, რატომ გადაწყვიტა მან, რომ გორში იყაროს კენჭი; წარმატებები მინდა ვუსურვო, მაგრამ ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ, რომ წინასწარ ვიზიარებ მწუხარებას მის ამ დამარცხებისათვის განწირულ ბრძოლაში“, – განაცხადა ოქრუაშვილმა 12 აგვისტოს არჩევნებში ჩართვაზე თავისი გადაწყვეტილების გამოცხადებისას.

მმართველმა პარტიამ ქართული ოცნებიდან გორში მაჟორიტარ კანდიდატად იოსებ მაკრახიძე, გორის ასფალტის მწარმოებელი და გზების მშენებელი კომპანია „იბოლიას“ თანამფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი დაასახელა.

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ კი დეპუტატობის კანდიდატად გორის ერთმანდატიან ოლქში შიდა ქართლის რეგიონში მომუშავე ყოფილი სამართალდამცავი ალექსანდრე გოგლიძე წარადგინა.

სხვა, ამ დრომდე წარდგენილი, კანდიდატები არიან გურამ მჭედლიძე ეროვნული ფორუმიდან და შოთა წკრიალაშვილი პარტიიდან სახელმწიფო ხალხისთვის.

2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ოქრუაშვილს გორის მერად სურდა კენჭისყრა, თუმცა მას მონაწილეობის საშუალება იმ მოტივით არ მიეცა, რომ ვერ აკმაყოფილებდა ქვეყანაში ბოლო 2 წლის განმავლობაში ცხოვრების ცენზს.

ამის შემდეგ, მან მერობის კანდიდატად მისი ახლობელი დაასახელა, რომელმაც ხმათა 30% დააგროვა და მეორე ტურში გავიდა, სადაც ის ქართული ოცნების კანდიდატმა დაამარცხა.

ოქრუაშვილი, რომელიც მთავრობის გავლენიანი წევრი იყო ექს–პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში, სანამ 2006 წლის ნოემბერში მთავრობას დატოვებდა, 2007 წლის სექტემბერში დააპატიმრეს, რასაც ორი დღით ადრე წინ უძღოდა მის მიერ ოპოზიციური პარტიის ჩამოყალიბება და მისი ყოფილი მოკავშირის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებებით გამოსვლა. მაშინ მას დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დასდეს ბრალი; დაპატიმრებიდან დაახლოებით 2 კვირაში, ოქრუაშვილმა დანაშაული აღიარა, უკან წაიღო სააკაშვილის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები, რის შედეგადაც  ის გირაოთი გაათავისუფლეს; შემდეგ მან ქვეყანა დატოვა, რაც მისი მხარდამჭერების თქმით, ფაქტიურად გაძევების ტოლფასი იყო. ის საფრანგეთში ცხოვრობდა, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭეს, სანამ 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდებოდა. წინა ხელისუფლების მიერ წაყენებული რამდენიმე ბრალდება მას პროკურატურამ მოუხსნა, ხოლო ზოგიერთ სხვა ბრალდებაში სასამართლომ ის 2013 წლის იანვარში გაამართლა.

2016 წლის მარტში ოქრუაშვილი გორის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნა; საკრებულოს მისი ახლობელი ხელმძღვანელობს მისივე ქართული პარტიიდან, რომელმაც 28%-ზე მეტი დააგროვა 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე გორში.

საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიებიდან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს დაძლევენ, ხოლო 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა 50%-იანი ბარიერით. თუ ერთმანდატიანი ოლქის ელექტორატის ნახევარზე მეტის მხარდაჭერას ვერ მიიღებს, მაჟორიტარ დეპუტატს მეორე ტური გამოავლენს ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს შორის.

მსგავსი/Related

Back to top button