ახალი ამბები

პრეზიდენტმა ‘ქორწინების განსაზღვრაზე’ რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა გააუქმა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელსაც ჯერ კიდევ გადასაწყვეტი აქვს დანიშნავს თუ არა რეფერენდუმს ‘ქორწინების განსაზღვრის’ საკითხზე, გააუქმა დაგეგმილი შეხვედრა რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფთან, რომელიც საპროტესტო აქციებით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს რეფერენდუმის ჩატარების განკარგულებას.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი მზად იყო შეხვედროდა რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფს, თუმცა დღეს რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა აირჩია კონფრონტაციის და შანტაჟის ენა და უარი განაცხადა ამ კონსულტაციაზე, რაც ნათლად ავლენს ამ ჯგუფის ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს. აქედან გამომდინარე, ეს დათქმული შეხვედრა აღარ შედგება“, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ 9 აგვისტოს.

საინიციატივო ჯგუფის წევრებს შორის, რომელიც რეფერენდუმის გამართვას ითხოვს, არის სანდრო ბრეგაძეც, რომელიც 2016 წლის თებერვლამდე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო; უფლებადამცავი ჯგუფები მისი თანამდებობიდან დათხოვნას ჰომოფობიური განცხადებების გამო ითხოვდნენ.

9 აგვისტოს პრესკონფერენციაზე საუბრისას, რაც რამდენიმე საათით უსწრებდა წინ დათქმულ, თუმცა აწ უკვე გაუქმებულ შეხვედრას პრეზიდენტთან, ბრეგაძემ განაცხადა, რომ ის ამ შეხვედრაზე მიდიოდა იმ მიზნით, რომ გაეგო პრეზიდენტისგან აპირებდა თუ არა ის რეფერენდუმის დანიშვნას.

„ღმერთმა ნუ ქნას და უარი თქვას პრეზიდენტმა, მე საქვეყნოდ ვდებ პირობას, რომ ეს არ ჩაივლის მშვიდად და წყნარად“, – განაცხადა ბრეგაძემ, „თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია, ნაციონალური მოძრაობის და რესპუბლიკური პარტიის გარდა, მზად არის საინიციატივო ჯგუფთან ერთად დაიწყოს მძლავრი საპროტესტო აქციები საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, რადგანაც საქართველოს პრეზიდენტი თუკი წავიდა თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ, მაშინ ის კარგავს ყოველგვარ ლეგიტიმაციას… ჩვენ არ გამოვრიცხავთ არც პრეზიდენტის სასახლის ბლოკირებას, არც სხვა რადიკალურ ღონისძიებებს, რომელიც კანონის ჩარჩოში იქნება ჩამჯდარი“.
 
ბრეგაძე ამჟამად დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიის წევრია. ჰომოფობიური განცხადებები მეჭიაურსაც არაერთხელ გაუკეთებია. მან მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მაისის ბოლოს მას შემდეგ დატოვა, რაც ნატოში ინტეგრაციის კუთხით ხელისუფლების მიერ დეკლარირებული პოლიტიკა გააკრიტიკა.

ივლისის ბოლოს საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც ქორწინების განსაზღვრაზე  – რაც კანონმდებლობით ისედაც დადგენილია – რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 200 000–ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერა წარადგინა, რაც აუცილებელი პროცედურაა რეფერენდუმის დასანიშნად.

30 ივლისს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯგუფის მიერ წარდგენილი 200 000-ზე მეტი ხელმოწერის  ნამდვილობა დაადასტურა და 1 აგვისტოს სარეფერენდუმო მასალები პრეზიდენტ მარგველაშვილს გადაუგზავნა.

პრეზიდენტმა 30 დღის ვადაში უნდა გადაწყვიტოს დანიშნავს თუ არა რეფერენდუმს.

პრეზიდენტის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში,  რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე მის განკარგულებას კონტრასიგნაცია დასჭირდება  პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მხრიდან, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეც არის – ამ პარტიის ზოგიერთმა დეპუტატმა ჯერ კიდევ მაისში გამოხატა მხარდაჭერა რეფერენდუმის იდეის მიმართ.

პრეზიდენტს ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია საჯაროდ არ გამოუთქვამს მას შემდეგ, რაც ცესკომ მას სარეფერენდუმო მასალები გადაუგზავნა. თუმცა, მაისში, როდესაც პარლამენტი „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივას განიხილავდა, რომლის თანახმადაც ქორწინების განსაზღვრება კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, პრეზიდენტმა ეს წამოწყება გააკრიტიკა, აღნიშნა რა, რომ ეს „არ არის თემა“ საქართველოში და მას „ქარიშხალი ჭიქაში“ უწოდა. მისი შეფასებით, ეს საკითხი ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა იყო.

საჭირო კვორუმის არარსებობის გამო, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი კენჭისყრაზე არ დამდგარა.

პრემიერ–მინისტრი კვირიკაშვილი კონკრეტულად რეფერენდუმის საკითხს არ შეხებია, თუმცა მან უთხრა ჟურნალისტებს 4 აგვისტოს, რომ კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვის თაობაზე კანონპროექტს ქართული ოცნება მომავალ პარლამენტში მიიღებს, რომელიც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად აირჩევა.

„ჩვენ პარლამენტში დავიწყეთ ეს პროცესი და დარწმუნებული ვარ, რომ ისეთი უმრავლესობით მოვალთ [ახალ პარლამენტში], რომ  აუცილებლად ამ ცვლილებას დავაფიქსირებთ კონსტიტუციაში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა. 

საკონსტიტუციო ცვლილების მისაღებად, 150–წევრიან პარლამენტში, სულ ცოტა 113 დეპუტატის  სამი მოსმენით მხარდაჭერაა საჭირო.

ქართული ოცნების დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, რომელიც ხელახლა იყრის კენჭს მაჟორიტარად მცხეთის ერთმანდატიან ოლქში, 9 აგვისტოს განაცხადა, რომ ქართულ ოცნებას კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრა  საზოგადოებაში არსებული იმ „შიშების“ პრევენციისთვის ჰქონდა განზრახული, რომ ერთ დღესაც შეიძლება საქართველოში ერთი და იმავე სქესის ადამიანთა ქორწინება დაკანონდეს. იმ ვითარებაში, როცა პარლამენტში ამის გაკეთება ვერ მოხერხდა, მისივე თქმით, ამგვარ პრევენციას რეფერენდუმი უზრუნველყოფს.

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს საკითხი არ ღირს იმად, რომ რეფერენდუმზე დამატებითი თანხები დაიხარჯოს.

სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველი ჯგუფების პოზიციის მსგავსად, ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ საკითხის წამოწევით ხელისუფლება ცდილობს ის საარჩევნო კამპანიის ნაწილად აქციოს და ამით რეალური პრობლემებიდან ყურადღება გადაიტანოს.

პარლამენტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომლის პარტიაც მმართველი ძალის ყოფილი კოალიციური პარტნიორია, ასევე განაცხადა, რომ რეფერენდუმის საკითხი რეალური პრობლემებიდან აქცენტების გადატანას ისახავს მიზნად და რესპუბლიკური პარტია ამ საკითხის ირგვლივ მიმდინარე დებატებში ჩართვას არ აპირებს.

რეფერენდუმის შემოთავაზებული კითხვა – „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ – არ აკონკრეტებს როგორ უნდა განისაზღვროს შემდგომში ეს საკითხი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ისედაც ადგენს ქორწინებას, როგორც „ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობით კავშირს“, რითაც იკრძალება ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება.  

თავდაპირველად, იგივე საინიციატივო ჯგუფმა კითხვა სხვა ფორმულირებით წარადგინა: „თანახმა ხართ თუ არა საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის“ .

თუმცა, ეს წინადადება ცესკომ 2016 წლის მაისში არ დააკმაყოფილა, ვინაიდან საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს რეფერენდუმის ჩატარებას საკითხზე, რომელიც პარლამენტს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ავალდებულებს.

იმავდროულად, ზოგიერთმა სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ და უფლებადამცველებმა საპირისპირო კამპანია გაააქტიურეს, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტს მოუწოდებენ, რომ არ დანიშნოს რეფერენდუმი; მათი აზრით, ამგვარი რეფერენდუმი ხელს შეუწყობს ლგბტ თემის შემდგომ მარგინალიზებას და გაზრდის ჰომოფობიურ განწყობებს.

რეფერენდუმის წინააღმდეგ 4 აგვისტოს ონლაინ პეტიცია დაიწყო; არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა, რომლებიც გაერთიანებულები არიან კოალიციაში „არა ფობიას“, 9 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რეფერენდუმის ჩატარება „არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ჯგუფის უფლებებისთვის იქნება ზიანის მომტანი, არამედ მნიშვნელოვნად დააზიანებს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესს და იქცევა საშიშ პრეცედენტად უმრავლესობის ხელში უმცირესობათა და ადამიანის უფლებების შესაზღუდად“.

აღნიშნა რა ის ფაქტი, რომ ლგბტ ორგანიზაციებს საქართველოში არასოდეს დაუყენებიათ დღის წესრიგში ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების საკითხი მისი დაბალი პრიორიტეტულობიდან გამომდინარე იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ლგბტ თემის წარმომადგენლები გაცილებით მეტ პრობლემებს აწყდებიან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ძალადობის სახით, „არა ფობიამ“ ასევე განაცხადა, რომ „ეს ინიციატივა წინასაარჩევნო პროცესში კონკრეტული სოციალური ჯგუფის ინსტრუმენტალიზაციის და პოპულიზმსა და სიძულვილზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოების მცდელობაა“.

ზოგიერთი დეპუტატი, მათ შორის ოპოზიციური თავისუფალი დემოკრატებიდან, აცხადებდა, რომ ქორწინებასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატივა ხელს შეუწყობდა პრორუსული ძალების მიერ წარმოებული პროპაგანდის მცდარი არგუმენტის გაბათილებას იმის თაობაზე, თითქოს ევროკავშირი ახვევდეს თავს საქართველოს ერთნაირი სქესის მქონე პირების ქორწინების შემოღებას.

კოალიციამ „არა ფობიას“ ამ არგუმენტს „არსებითად უსაფუძვლო“ უწოდა და განაცხადა, რომ ამ საკითხის წამოწევა, პირიქით "აძლიერებს სწორედ რუსული პოლიტიკური ელიტის მიერ წარმოებულ ანტიდასავლურ ნარატივს“. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button