skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აგვისტოს ომის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით

რუსეთის „პროვოკაციული ნაბიჯების“ მიუხედავად, საქართველო მყარად ერთგული რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 აგვისტოს 2008 წლის ომის მერვე წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში.

„2008 წლის აგვისტოს ომიდან 8 წლის შემდეგ, საქართველოს მთავრობის პრაგმატული მიდგომის შედეგად, კონფლიქტის ესკალაციის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება კვლავ მძიმე რჩება“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნავს რა მავთულხლართებითა და ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ნიშნებით საოკუპაციო ხაზის გამაგრების პრაქტიკას, საქართველოს საგარეო უწყება ასევე ხაზს უსვამს, რომ „ამ დესტრუქციულ ქმედებებს კიდევ უფრო ამწვავებს საქართველოს მოქალაქეების გატაცებები და უკანონო დაკავებები“.

ადმინისტრაციულ საზღვარზე, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობის დაკავებები, რასაც ცხინვალი და რუსული ძალები „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის“ კვალიფიკაციას აძლევენ, არცთუ იშვიათია; როგორც წესი, დაკავებულებს რამდენიმე დღეში ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ.

ერთ-ერთ ბოლო ასეთ შემთხვევას გასულ კვირას ჰქონდა ადგილი, როცა ალექსანდრე შევერდაშვილი თავისი სოფლის, ქვეშის სიხლოვეს დააკავეს ადმინისტრაციული საზღვრის ახლოს. გათავისუფლების შემდეგ, შევერდაშვილს ორი დღის გატარება გორის საავადმყოფოში მოუწია, რადგან, ექიმის თქმით, მას ტვინის შერყევა და გულ-მკერდის არეში დაჟეჟილობები ჰქონდა. 7 აგვისტოს საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, შევერდაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაქცევის მცდელობის დროს, ის სულ ცოტა ხუთმა შეიარაღებულმა პირმა დაიჭირა, რომლებიც, როგორც მან თქვა, უფრო რუსი მესაზღვრეები იყვნენ და სცემეს ცხინვალის იზოლატორში გადაყვანამდე.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსმა მესაზღვრეებმა სულ 163 პირი დააკავეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ომიდან რვა წლის შემდეგ, რუსეთი აგრძელებს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, საერთაშორისო სამართლისა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების უგულვებელყოფით“.

„ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი მოკლებულია საკუთარ საცხოვრებელ ადგილას უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას მაშინ, როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობა მუდმივი ეთნიკური დისკრიმინაციის მსხვერპლია. ამის ნათელი დასტურია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა, თავისუფალი გადაადგილებისა და კერძო საკუთრების უფლებების შელახვა, რაც ეთნიკური წმენდის ახალი ტალღის რისკს ქმნის ოკუპირებულ რეგიონებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ამასთან, მოსკოვმა დაიწყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის პროცესი, რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში მათი ინტეგრაციის გზით, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“, – აცხადებს ოფიციალური თბილისი.

განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე ადასტურებს თბილისის მხარდაჭერას  ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აქტიური ჩართულობის მიმართ; ეს დისკუსიები ჟენევაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო  საქართველოს, რუსეთის და აშშ–ის, ასევე სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მონაწილეობითა და ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს შუამავლობით.

„საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს რაციონალურ პოლიტიკას რუსეთის ფედერაციის მიმართ და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა დიპლომატიურ და პოლიტიკურ ბერკეტს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით. მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ხელი შეუწყოს ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების პროცესს და მზადაა, საქართველოს ევროპული დღის წესრიგით გახსნილი შესაძლებლობები გაუზიაროს საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ კვირას გავრცელებულ განცხადებაში.

„რეგიონების ოკუპაციისა და უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევების პირობებში, საქართველომ მოახერხა წარმატებისთვის მიეღწია დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, რის წყალობითაც ის განუხრელად მიუყვება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – აცხადებს სამინისტრო და ასევე მადლიერებას გამოხატავს „საერთაშორისო საზოგადოების მიმართ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“.

ამასთანავე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას „ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდირებისკენ, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების აღმოფხვრისა და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით“.

მსგავსი/Related

Back to top button