skip to content
ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შესაძლო ზეწოლის თაობაზე გამოძიება კითხავს

მთავარი პროკურატურის გამომძიებლები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს კითხავენ იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, სასამართლოზე ზეწოლა განხორციელდა.

იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი, რომელმაც ბრალდება საჯაროდ გასულ კვირას გააჟღერა, 28 ივლისს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდა სასამართლოზე ზეწოლის შესახებ ინფორმაციის გასაზიარებლად.  ამას წინ უძღოდა 27 ივლისს პაპუაშვილის პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა.

მთავარმა პროკურატურამ გამოძიება 26 ივლისს მას შემდეგ დაიწყო, რაც 21 ივლისს პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 9-წევრიანი სასამართლოს ზოგიერთი მოსამართლის მიმართ „ზეწოლა“ და „შანტაჟი“ ხორციელდება, რათა მათ ან ხელისუფლების სასარგებლოდ მიიღონ გადაწყვეტილება, ან გააჭიანურონ იმ ზოგიერთ გახმაურებულ საქმეზე განაჩენის გამოტანა, რომელთაც ამჟამად სასამართლო განიხილავს.

ამ დრომდე პროკურატურამ სულ ცოტა ხუთი მოსამართლე გამოკითხა – ლალი ფაფიაშვილი; ქეთევან ერემაძე; კონსტანტინე ვარძელაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; მერაბ ტურავა და მაია კოპალეიშვილი.

ფაფიაშვილმა, რომელიც 2007 წლის ბოლოდან არის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, 27 ივლისს პროკურატურის წინ შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მასზე ზეწოლის მცდელობას ადგილი არ ჰქონია და არც რაიმე ინფორმაცია აქვს მისი კოლეგების მიმართ რაიმე ზეწოლის თაობაზე. ფაფიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სავარაუდო ზეწოლის შესახებ მან მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ამის შესახებ საჯაროდ ისაუბრა 21 ივლისის პრესკონფერენციაზე.

ერემაძემ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა 2006 წლიდან,  28 ივლისს ჟურნალისტებს პროკურატურაში შესვლამდე განუცხადა, რომ მართალია მასზე ზეწოლა არ ყოფილა, მაგრამ სხვა მოსამართლეების მსგავსად, სავარაუდო ზეწოლის შესახებ პაპუაშვილის საჯარო განცხადებამდე „რამდენიმე დღით“ ადრე შეიტყო. მისი თქმით, მოსამართლეების შეკრებაზე, რომელსაც ერთის გარდა ყველა მოსამართლე ესწრებოდა, პაპუაშვილმა კოლეგებს თავისი წუხილები გაუზიარა ზეწოლასთან დაკავშირებით, რომელზეც მან ერთ–ერთი მოსამართლისგან შეიტყო. ერემაძემ არ დააკონკრეტა ამ მოსამართლის ვინაობა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ საჯაროდ თავად ამ მოსამართლემ უნდა ისაუბროს.

კონსტანტინე ვარძელაშვილმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა 2006 წლიდან და რომელიც 28 ივლისს მივიდა თბილისის პროკურატურაში, უარი თქვა ეპასუხა ჟურნალისტების კითხვაზე, განიცდის თუ არა ის ზეწოლას. „თუ თითოეული მოსამართლე, რომელსაც თქვენ ესაუბრებით გაგცემთ პირდაპირ პასუხს ამ კითხვაზე, ცხადია, გამორიცხვის მეთოდით შეიძლება ადვილად იქნას გარკვეული იმ მოსამართლის სახელი და გვარი, ვისზეც ხორციელდება ზეწოლა“, – განაცხადა მან და დასძინა: „დღეს არ არსებობს რაიმე გარემოება, რომელიც მე დამაბრკოლებდა ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით მივიღო გადაწყვეტილება“.

მანაც განაცხადა, რომ მას და ზოგიერთ სხვა მოსამართლეს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მეორე მოადგილეს, ზაზა თავაძეს პაპუაშვილმა მანამდე მიაწოდა ინფორმაცია სავარაუდო ზეწოლის შესახებ, ვიდრე ის ამის შესახებ საჯარო განცხადებას გააკეთებდა 21 ივლისს.  

მერაბ ტურავამ, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 2015 წლის მარტიდან გახდა, 29 ივლისს საგამოძიებო ორგანოში შესვლის წინ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მას პროტესტი აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ კოლეგებიდან „იციან ყველამ“, მაგრამ „არ ვიცი მე იმის შესახებ, ხორციელდება თუ არა მოსამართლეებზე ზეწოლა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში“. მანამდე მან განაცხადა, რომ არანაირ ზეწოლას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია.

კიდევ ერთმა მოსამართლემ, მაია კოპალეიშვილმა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ადგილს 2009 წლის ბოლოდან იკავებს, ასევე განუცხადა ჟურნალისტებს 29 ივლისს პროკურატურაში შესვლის წინ, რომ არც კონკრეტულად მის მიმართ ჰქონია ზეწოლის რაიმე შემთხვევას ადგილი, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს არ გამორიცხავს მისი რომელიმე კოლეგის მიმართ მსგავსი ფაქტის არსებობას. 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი უარს ამბობდა პროკურატურისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე პრემიერ–მინისტრთან შეხვედრამდე, რადგანაც მას იმის პოლიტიკური გარანტიები სჭირდებოდა, რომ საქმეს მთავარი პროკურატურა სათანადოდ განიხილავდა. პაპუაშვილის თქმით, მისი ეჭვები გამოძიების ობიექტურობის თაობაზე იქიდან გამომდინარეობს, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ვერ შეძლეს ზეწოლის თაობაზე მის წინა ბრალდებებსა და წუხილებზე რეაგირება.

პრემიერ–მინისტრი კვირიკაშვილი, რომელმაც პაპუაშვილი ამ პოზიციის გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს იმის წარმოჩენის მცდელობა იყო, თითქოს პროკურატურა ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს 27 ივლისს შეხვდა.

„მე დამრჩა ჩემი კითხვის ნიშნები პროკურატურასთან მიმართებაში. პრემიერი კი დარჩა თავის აზრზე, რომ პროკურატურას უნდა მივცეთ საშუალება გამოიძიოს ეს საქმე“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ პაპუაშვილმა, რომლის ათწლიანი ვადაც საკონსტიტუციო სასამართლოში სექტემბერში იწურება.

პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ კვირიკაშვილმა „საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ საკითხის გამოძიება, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საუბრობს, პროკურატურის პრეროგატივაა; პროკურატურა კი არის დამოუკიდებელი ორგანო“. 

„მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ინსტიტუციების დისკრედიტაცია დაუშვებელია და ყველა ადამიანმა, თანამდებობის მიუხედავად, ინსტიტუციებს პატივი უნდა სცეს“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრის ადმინისტრაციამ.

პოლიტიკოსებმა ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან უკვე გამოხატეს სკეპტიკური განწყობა პაპუაშვილის მიერ გამოთქმული ბრალდებების ნამდვილობის მიმართ და აღნიშნეს, რომ მას პოლიტიკური მოტივები ამოძრავებს.

პაპუაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს 28 ივლისს მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრის შემდეგ, რომ ეს არ იყო ოფიციალური დაკითხვა, არამედ „ღიად ვილაპარაკეთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც კავშირშია გამოძიებასთან და საუბარი იყო, თუ რატომ გვქონდა კითხვები გამოძიებასთან“.

„მისი მხრიდან კონსტრუქციული დამოკიდებულება იყო. ის პირადად იღებს პასუხისმგებლობას, რომ გამოძიება იქნება ობიექტური“, – განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ მას კვლავ ექნება კონტაქტი მთავარ პროკურორთან, რათა გამოძიებისთვის ინფორმაციის მიწოდების გამო მოსამართლეებზე რაიმე ფორმით „შურისძიებას“ არ ჰქონდეს ადგილი.

კითხვაზე მიაჩნია თუ არა მას, რომ გამოძიება ობიექტური იქნება, პაპუაშვილმა უპასუხა: „იმედი მაქვს – არის გარკვეული წინაპირობები, გუშინ პრეზიდენტთან, შემდეგ პრემიერ–მინისტრთან და ახლა მთავარ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ“.

მსგავსი/Related

Back to top button