ახალი ამბები

მარგველაშვილი ვარშავაში ნატოს სამიტს ესწრება



სამიტი ვარშავის ეროვნულ სტადიონზე იმართება. ფოტო: ნატო

საქართველოს დელეგაცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით ვარშავაში იმყოფება, სადაც 8-9 ივლისს ნატოს სამიტი იმართება.

პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელსაც თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, 9 ივლისს მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი და იმ პარტნიორი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრაში, რომელთაც ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში შეაქვთ წვლილი.

საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა სამიტის ფარგლებში 8 ივლისს გაიმართება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი 9 ივლისს ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას იმ 24 პარტნიორი ქვეყნის კოლეგასთან ერთად,  რომლებიც თავსებადობაზე თანამშრომლობენ.

საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თბილისის მიზანია სამიტზე ნატოსგან იმ დამატებითი პრაქტიკული ინსტრუმენტების მიღება, რომელიც ქვეყანას თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარება.

7 ივლისს მთავრობის სხდომაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი ელოდება ნატოსთან თანამშრომლობის იმ „არსებითი პაკეტის კიდევ უფრო გაფართოებას“, რომელიც ალიანსმა საქართველოს ორი წლის წინ უელსის სამიტზე შესთავაზა, ასევე იმის დადასტურებას, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ძალაში რჩება და საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.

„ვფიქრობთ, რომ ამ სამიტის შედეგად საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც მას გააჩნია ნატოსთან, კიდევ უფრო გაფართოვდება, რის შედეგადაც საქართველოში უსაფრთხოება კიდევ უფრო მაღალ დონეზე იქნება აყვანილი და საქართველო იქნება კიდევ უფრო მეტად დაცული“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მართალია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს დეკემბერში, რომ საქართველოს „ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად“, მაგრამ მათ ასევე დაადასტურეს, რომ საქართველომ ალიანსში გაწევრიანებისთვის ჯერ „წევრობის სამოქმედო გეგმის“ (MAP) ეტაპი უნდა გაიაროს, რომლის მიცემაზეც ქვეყანას 2008 წლის შემდეგ უარს ეუბნებიან. ვარშავის სამიტზე MAP–ის მინიჭება მოსალოდნელი არ არის.

საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ MAP–ის მიღება, როდესაც ამაზე ალიანსში კონსენსუსი მიიღწევა, ფაქტიურად, ნატოში წევრობაზე მიწვევის ტოლფასი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება.

ვარშავის სამიტამდე თბილისში სტუმრობის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ მართალია საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში შენელებაა  საერთაშორისო გამოწვევების გამო, მაგრამ ეს უიმედობის მომენტად არ უნდა იქნას განხილული.

თბილისში 6 ივლისს პრესკონფერენციაზე საუბრისას მან განაცხადა, რომ ვაშინგტონი ნატოს ღია კარის პოლიტიკის მტკიცე მხარდამჭერად რჩება და გაიმეორა, რომ აშშ მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომლის თანახმადაც, საქართველო გახდება ნატოს წევრი. „ჩვენ ამ განცხადებას ვარშავაშიც დავუჭერთ მხარს“, – აღნიშნა მან.

მისი თქმით, „პროცესის შენელებას თავისი მიზეზები ჰქონდა“, რადგან ბევრი საერთაშორისო გამოწვევაა, მათ შორის უკრაინასთან და სირიასთან დაკავშირებული.

„მაგრამ საქართველო უკვე არის ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორი და ქართველმა ხალხმა ნამდვილად პოზიტიურად უნდა შეხედოს იმას, რაც საქართველომ განახორციელა“, – განაცხადა კერიმ, „ამდენად, ამას არ განვიხილავ, როგორც უიმედობის მომენტს ან უკუსვლის პროცესს; ამას განვიხილავდი, როგორც შემდგომ პროცესს, რომლითაც მყარდება ნდობა და შესაფერისი დრო მოდის საბოლოო ნაბიჯების გადასადგმელად“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button